რობერტ კაპას ობიექტივში…

“ფოტოგრაფია ის დოკუმენტია, რომელსაც შეხედავს თვალებისა და გულის მქონე ადამიანი და იგრძნობს, რომ მსოფლიოში ყველაფერი კარგად როდია”.
რობერტ კაპა

.

კაცობრიობის ისტორიაში ცოტა თუ მოიძებნება კაპას მსგავსი ფოტოჟურნალისტი. მან ხანმოკლე, მაგრამ საინტერესო ცხოვრება განვლო და მოახერხა, სიცოცხლეშივე ქცეულიყო ლეგენდად. იღბალი მუდამ თან სდევდა, 20 წლის ძლივს იქნებოდა, როცა თავი მეზღაპრე-ფოტოგრაფად წარმოიდგინა. 40 წლის ასაკში კი ეს ოცნება აიხდინა კიდეც.
ანდრე ერნო ფრიდმანი – სწორედ ასე ერქვა კაპას ცხოვრების პირველ ეტაპზე.

.

.

1913 წლის 22 ოქტომბერს ბუდაპეშტში შეძლებულ ებრაულ ოჯახში დაიბადა. სკოლაში არც ისე კარგად სწავლობდა, სამაგიეროდ ნაადრევად ჩაერთო პოლიტიკურ ცხოვრებაში, აქტიურად მონაწილეობდა მიტინგებსა და დემონსტრაციებში. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიების შემდეგ, 17 წლის ბუნტისთავი დააპატიმრეს, უმოწყალოდ სცემეს და ქვეყნიდან გააძევეს…

.

.

.

1931 წელს ანდრე ფრიდმანი ბერლინში ჩადის, სადაც სოციოლოგიასა და ჟურნალისტიკას ეუფლება. 1932 წელს საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო – გამხდარიყო ფოტოგრაფი. არა, მხოლოდ ფოტოგრაფი კი არა, ფოტოჟურნალისტი: “ეს იყო ჟურნალისტიკასთან მონათესავე პროფესია, ძალიან მოსახერხებელი მათთვის, ვინც არც ისე კარგად ფლობს ენას”, – აღნიშნავდა წლების შემდეგ ცნობილი ფოტოჟურნალისტი. სიცოცხლის განმავლობაში კაპა შვიდ უცხო ენას სწავლობდა და მშობლიური უნგრულის გარდა, ვერცერთ ენას ვერ ფლობდა სრულყოფილად.

.

ახალგზარდა უნგრელი სამუშაოდ ფოტოსააგენტო “დეფოტში” მოეწყო, რომელიც ილუსტრირებულ ჟურნალებს ფოტომასალით ამარაგებდა. თავიდან ლაბორანტად მუშაობდა, შემდეგ პოლიტიკური ღონისძიებების გადასაღებად დადიოდა. მაგალითად, 1932 წელს კოპენჰაგენში აშუქებდა მიტინგს ტროცკის მონაწილეობით. ტროცკიმ კატეგორიულად იუარა ფოტოგადაღება და ვერავინ გაბედა, კამერით მიახლოვებოდა ტრიბუნას. მაგრამ 19 წლის ახალგაზრდა კაცმა ისე მოხერხებულად გადაიღო რამდენიმე კადრი, რომ ვერავინ შენიშნა. ეს მისი პირველი გახმაურებული რეპორტაჟი იყო, რომელიც უამრავმა გამოცემამ დაბეჭდა… მათ შორის ცნობილმა ჟურნალებმა – Vu და Vogue.

.
1930-იანი წლების დასაწყიში ახალგაზრდა უნგრელი საფრანგეთში ჩავიდა და ექვსი წლით იქ დაიმკვიდრა ადგილი.

1933 წლის პარიზი – მწერლების, პოეტებისა და მხატვრების საოცნებო ქალაქი. ამავდროულად, პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა, ფოტოჟურნალისტიკისთვის კი “სასათბურე პირობები”.

.

.

.

1934 წელს ფრიდმანი შეხვდა პარიზში ახალჩასულ გერმანელ კომუნისტ ქალს – გერდა ტაროს, რომელიც მალევე მისი კომპანიონი და საყვარელი გახდა.

.

.

.

ახალგაზრდებს ძლივს გაჰქონდათ თავი და როგორმე ფინანსური მდგომარეობა რომ გაეუმჯობესებინათ, ავანტიურისტული ნაბიჯი გადადგეს – შექმნეს ფოტოსააგენტო, სადაც გერდა მდივნისა და სავაჭრო აგენტის მოვალეობას ასრულებდა, ანდრე – ლაბორანტის, ხოლო მფლობელი და შეთავსებით ფოტოგრაფი ამერიკელი ფოტოჟურნალისტი ვინმე რობერტ კაპა გახდა. მოხერხებული ფოტოგრაფი ყველგან და ყოველთვის ასწრებდა სხვებს. “მისი ფოტოები იაფი ნამდვილად არ ღირს, ის იმსახურებს ასეთ ფასს”, – არწმუნებდა გერდა კლიენტებს. შედეგიც არ აყოვნებდა – ფოტოები სარფიანად იყიდებოდა, მდიდარი და იდუმალი ამერიკელი კი გაცილებით მიმზიდველი იყო, ვიდრე ღარიბი უნგრელი ებრაელი.

.

.

.

.
ფრიდმან-კაპა კი თავდაუზოგავად შრომობდა, რათა არ შეებღალა ამერიკელი “ფოტორეპორტაჟის მამის” ღირსება და სახელი – ის პირველი ექცეოდა საინტერესო მოვლენეთა ეპიცენტრში. შესაძლოა კაპას ფოტოები მხატვრული თვალსაზრისით იდეალური სულაც არ იყო, მაგრამ ყოველთვის საინტერესო და სკანდალური გახლდათ. “თუ საკუთარ თავს მხატვარს უწოდებ, არასდროს არაფერს დაგიბეჭდავენ. თქვი, რომ ფოტოჟურნალისტი ხარ და რაც გინდა, ის აკეთე”, – ასეთ რჩევას აძლევდა სახელგანთქმული ფოტოგრაფი თავის მეგობარ ანრი კარტიე-ბრესონს.

.

.

.

.

1935 წელს, როცა საფრანგეთში ვითარება შედარებით სტაბილური გახდა, ახალგაზრდა ავანტიურისტებმა ოკეანის გაღმა ხანმოკლე მოგზაურობა მოაწყეს, სადაც ცდილობდნენ, ამერიკულ პრესასთან დაემყარებინათ ურთიერთობა. შტატებში გერდამ თანამგზავრი წარადგინა, როგორც ფოტოჟურნალისტი რობერტ კაპა, ბუნებრივია, მდიდარი, იღბლიანი და ცნობილი…

.

სიცრუეს ფარდა მას შემდეგ აეხადა, რაც კომპანიონები ევროპაში დაბრუნდნენ. ჟენევაში ნაციონალური ლიგის ერთ-ერთ სხდომაზე ინციდენტი მოხდა და ფრიდმანი მაშინვე მოვლენათა ეპიცენტრისკენ გაიქცა. ეს კი შეუმჩნეველი არ დარჩენია ლუსიენ ფოგელს, ცნობილი ჟურნალების – Vu-სა და Vogue-ს გამომცემელს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა ამერიკელი ფოტოჟურნალისტის გაცნობას.

.
როცა რედაქციაში გამოჩნდა ფოტოები რობერტ კაპას ავტოგრაფით, ფოგელი მაშინვე მიხვდა, რაშიც იყო საქმე… თუმცა, პრაქტიკული ადამიანი გახლდათ, ამიტომ მოხერხებული ავანტიურისტის შეთავაზებაზე უარი არ უთქვამს. მეტიც, საკუთარი “აღმოჩენის” შესახებ კრინტიც არ დასცდენია, უბრალოდ, “არშემდგარ ამერიკელს” ჰონორარები შეუმცირა. შემდეგ უკვე ფრიდმანსაც მობეზრდა “სხვისი” დიდებით ტკბობა და საბოლოოდ დაასრულა “ოკეანისგაღმელი გენიოსის” საქმიანობა. თუმცა, უკვე საყოველთაოდ ცნობილი სახელი ფსევდონიმად დაიტოვა. მოგვიანებით ის იტყვის: “რობერტ კაპა დაიბადა პარიზში, 22 წლის ასაკშიო”.

.

.

.

.

1936 წელს ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო, რამაც მსოფლიოში დიდი ინტერესი გამოიწვია, ამიტომ სამხედროების, აგენტებისა და თავგადასავლების მაძიებლების კვალდაკვალ ათასობით ჟურნალისტი და ფოტოგრაფი მიეშურებოდა ესპანეთში. აგვისტოში წინდახედულმა ლუსიენ ფოგელმა თვითმფრინავი დაიქირავა და ესპანეთში ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფების დიდი ჯგუფი მიავლინა, მათ შორის იყვნენ რობერტ კაპა და გერდა ტაროც. სექტემბრის დასაწყისში სიერა-მორენას მთებში, ესტრემადურის პროვინციის სამხრეთ ნაწილში, გენერალ ფრანკოს მომხრეების გააქტიურება შეინიშნებოდა და კაპაც იქით გაეშურა.

.

5 სექტემბრის დილა მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო – ის სანგარში იჯდა და მაროკოელი მოხალისეების გამოჩენას ელოდა, რომლებიც უჩვეულო სიმამაცითა და სისასტიკით იყვნენ გამორჩეული. “იმ დღეს ყველას ძალიან გვეშინოდა”, – იხსენებდა მოგვიანებით ფოტოგრაფი, – “ვიცოდით, რომ ფრანკოს მომხრეები განუწყვეტლივ ისროდნენ. რესპუბლიკელების მხრიდან დახოცილების რაოდენობა ათეულებს აღწევდა. მთელი დღე სანგარში ვიჯექი. როცა რესპუბლიკელები იერიშზე გადავიდნენ, სანგრიდან ფოტოაპარატი ამოვყავი და ავტომატის ჯერი რომ გავიგონე, ბრმად დავაჭირე ღილაკს თითი”. 23 სექტემბერს ეს ფოტო მსოფლიოს უამრავმა გამოცემამ დაბეჭდა. “ჯარისკაცის სიკვდილი” დღემდე კაპას საუკეთესო ნაშრომად მიიჩნევა და აღიარებულია, როგორც ომის ამსახველი საუკეთესო კადრი.

.

buy orlistat australiaxenical sale purchase brand viagra online canada buy arimidex pctAnastrozole generic cost

.

1937 წლის 27 ივლისს, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე 27 წელი შეუსრულდებოდა, ესპანეთში გერდა ტარო დაიღუპა. ის იყო პირველი სამხედრო ფოტოჟურნალისტი ქალი, ვინც ომში დაიღუპა. ზოგი წყაროს თანახმად, გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე რობერტმა ხელი სთხოვა, მას კი უარი უთქვამს, – ჩვენთვის საქმე უფრო მნიშვნელოვანიაო. კაპა იმედოვნებდა, რომ ამ თემას გერდას დაბრუნების შემდეგ ისევ მიუბრუნდებოდნენ, მაგრამ გერდა აღარ დაბრუნებულა…

.

1938 წელს, რამდენიმე გამოცემის დაკვეთით, კაპა ჩინეთში მიემგზავრება იაპონური აგრესიის გასაშუქებლად, შემდეგ ისევ ესპანეთში ბრუნდება. მისი ფოტორეპორტაჟები ნათლად გადმოსცემდნენ ომის სისასტიკეს. ომს ყველგან ერთი სახე აქვს და კაპას ფოტოები ამის საუკეთესო მაგალითია.

.

.

.

1939 წელს კაპა ნიუ-იორკში მიემგზავრება და როგორც კი გერმანია ბრიტანეთს ომს უცხადებს, მაშინვე ლონდონში მიფრინავს. 1940-45 წლებში ის ჟურნალ Life-ში მუშაობდა. კაპამ ყველაზე ცნობილი ფოტოები მაშინ გადაიღო, როცა ნორმანდიაში მოკავშირეები გადასვეს. “სამხედრო კორესპონდენტს მხოლოდ ერთი ფსონი აქვს – საკუთარი სიცოცხლე და მას ამა თუ იმ სვლაზე დებს, მე მოთამაშე ვარ. ამიტომ გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო პირველი ეშელონის შეტევაში”, – განმარტავდა შემდგომში. კაპა ერთადერთი ფოტოჟურნალისტი იყო, რომელიც ასეთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას აშუქებდა.

.

.

.

“ჩემი მშვენიერი საფრანგეთი საცოდავად გამოიყურებოდა. გერმანული ტყვიამფრქვევი ირგვლივ ყველაფერს ტყვიებით რწყავდა”, – წერდა კაპა წიგნში “ცოტა რამ ფოკუსს მიღმა”.

.

“ბიჭებმა ჩვენი ბარჟიდან ნაპირისკენ სვლა დაიწყეს. მე მოვემზადე, გადავიღე შეტევის პირველი კადრი: იარაღმომარჯვებული ჯარისკაცები წელამდე წყალში და კვამლში გახვეული სანაპირო. ბოცმანი, რომელსაც სურდა, რაც შეიძლება სწრაფად გასცლოდა იქაურობას, ვერ მიხვდა, რომ ფოტოების გადასაღებად გავჩერდი. იფიქრა, რომ შევშინდი და ნავიდან გადმოსვლაში პანღურით “დამეხმარა”. წყალი ცივი იყო, სანაპირომდე კი ას იარდზე მეტი რჩებოდა.

.

.

.

ტყვიები ჩემ გარშემო ზუზუნებდნენ. საჩქაროდ ახლომდებარე თავდაცვით მოწყობილობას შევაფარე თავი. ვიღაც ჯარისკაციც შეეფარა ჩემთან ერთად და რამდენიმე წუთის განმავლობაში თავშესაფარს ვიყოფდით. მერე იარაღს წყლისგან დამცავი შალითა მოხსნა და დაიწყო ნაპირის მიმართულებით სროლა. ახლა თავშესაფარში ადგილი საკმარისი იყო, გადამეღო ბიჭები, რომლებიც ჩემსავით სხვა თავშესაფარში იმალებოდნენ”. მოგვიანებით კაპა იხსენებდა, რომ ასე არასდროს შეშინებია. იხსენებდა, შიშისა და სიცივისგან აკანკალებული ხელებით როგორ მოიმარჯვა ფოტოაპარატი და იღებდა და იღებდა, თან სულ იმეორებდა ფრაზას, რომელიც ჯერ კიდევ ესპანეთის ომის შემდეგ აეკვიატა: Es una cosa muy seria (ეს ძალიან სერიოზული საქმეა). “მერე წამოვხტი და ნავისკენ გავიქეცი. ვაცნობიერებდი, რომ მხდალივით მოვიქეცი. ვცდილობდი, საკუთარი თავისთვის უკან მიბრუნება მეიძულებინა, მაგრამ ვერ შევძელი”, – იხსენებდა მოგვიანებით.

.

.

.
როგორც კი ინგლისამდე ჩააღწია, ფირი მაშინვე გასამჟღავნებლად მიიტანა. როგორც ჩანს, საერთო აჟიოტაჟის ფონზე ლაბორანტმა შეცდომა დაუშვა და ფირების დიდი ნაწილი დაზიანდა. უმძიმეს პირობებში გადაღებული 106 კადრიდან მხოლოდ 11 გადარჩა. სწორედ ამ კადრებით ხელმძღვანელობდა სტივენ სპილბერგი, როცა იღებდა ფილმს “რიგითი რაიანის გადასარჩენად”.

.

.

.

ომი, რომელიც მას ასე ძალიან სძულდა, დასრულდა. კაპამ ამერიკის მოქალაქეობა მიიღო და წინ მშვიდი სამოქალაქო ცხოვრება ელოდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ სწორედ ამისთვის არ ყოფილა მზად. 1946 წელს ჰოლივუდშიც მუშაობდა, მაგრამ ერთხელ, გაცხარებისას, წამოსცდა: ასეთი დიდი ნეხვის გროვაში, როგორიც ჰოლივუდია, ჯერ ფეხი არ ჩამიდგამსო. მოგვიანებით ცნობილ მწერალთან – ჯონ სტაინბეკთან ერთად საბჭოთა კავშირშიც იმოგზაურა, მაგრამ შთაბეჭდილებები საუკეთესო ნამდვილად არ იყო. “ეს რუსები ძალიან უღიმღამოები არიან, ეს კი, ძალიან მოსაწყენია ფოტოგრაფისთვის. ყოველ ჯერზე, როცა ღილაკი უნდა ჩავაჩხაკუნო, ვგრძობ, რომ არასწორად ვიქცევი”, – იხსენებდა კაპა.

.

.

კაპამ და სტაინბეკმა საქართველოშიც იმოგზაურეს. თბილისის, გორის, ბათუმის მონახულების შემდეგ მწერალი წერდა: “მოსკოვში, უკრაინასა თუ სტალინგრადში, ყველგან წინ გვხვდებოდა მაგიური სიტყვა – საქართველო.

.

.

.

ისინი საქართველოზე გრძნობითა და დიდი აღტაცებით ლაპარაკობდნენ. ქართველ მამაკაცებზე საუბრობდნენ, როგორც სუპერმენებზე, კარგ მსმელებზე, უბადლო მოცეკვავეებზე, დიდ მუსიკოსებზე, მათ გამორჩეულ თვისებებზე, როგორც სანიმუშო მშრომელებსა და საუკეთესო საყვარლებზე. ქვეყანას, რომელიც მდებარეობს კავკასიაში, შავი ზღვის სანაპიროზე, ისინი მეორე სამოთხეს უწოდებდნენ. საქართველოში მოგზაურობისას ჩვენ ვრწმუნდებოდით, რომ რუსები არ ტყუოდნენ… ეს ქვეყანა მართლაც მიწიერი  სამოთხე  იყო…”

.

1947 წელს, კაპამ მეგობრებთან ერთად ფოტოსააგენტო “მაგნუმი” დააფუძნა. დღეს ის ყველაზე წარმატებული სააგენტოა, რომელიც თანამედროვეობის საუკეთესო ფოტოდოკუმენტალისტებს აერთიანებს.

.

.

.

1954 წელს ჟურნალმა Life-მა კაპას ინდოჩინეთიდან რეპორტაჟების სერია დაუკვეთა. ამჯერად ფოტოგრაფს საომარ მოქმედებებზე მეტად ომის პირობებში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის ყოფა აინტერესებდა. სიმბოლურია მისი უკანასკნელი ფოტორეპორტაჟის სახელიც: “მწარე ბრინჯი”. “ეს საოცარი ისტორია იქნება”, – ამბობდა ის 25 მაისის დილას, როცა ვიეტნამის პატარა ქალაქ ნამ-დინხს ტოვებდა. კარგ გუნებაზე იყო და სულ ხუმრობდა. “დღეს კარგად მოვიქცევი… არ მოვყვები, რაოდენ დიდი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი ვარ”.

.

.

.

რვა საათის მგზავრობისა და ოცდაათი კილომეტრის გავლის შემდეგ, ის მანქანიდან გადმოვიდა და ბამბუკით დაფარული ადგილისკენ გაემართა. მოულოდნელად აფეთქების ხმა გაისმა. – ხმაზე მივხვდით, რომ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი აფეთქდა, – იხსენებდა მისი თანამგზავრი რეპორტიორი ჯონ მაკლინი, – მანქანიდან გადმოვხტი… ვიეტნამელი ლეიტენანტი, რომელიც ყველგან თან გვახლდა ჩემსკენ მორბოდა, როცა მოგვიახლოვდა, აქოშინებულმა წარმოთქვა: “ფოტოგრაფი მკვდარია”.

ტეგები:

მკითხველის კომენტარი
  1. ნანუკა says:

    მომწონს:(

  2. fiqro says:

    ყველამ ვისაც კი ფოტოგრაფიასთან ჩაუვლია იცის ვინ არის კაპა 🙂 აღარაფერს დავამატებ. იმის თქმა მინდა რომ ბლოგი მომეწონა და ლინკებში ვამატებ ჩემთან.
    წარმატებები

  3. ნინუცა says:

    ძალიან საინტერესო ფოტოებსა და ინფორმაციას დებ ხოლმე… მე ძალიან მომწონს 🙂

  4. თამარ ფულარია says:

    ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია, განსაკუთრებით შავ-თეთრი ფოტოები. დუდანა მადლობა ასეთ საინტერესო ფოტოებისა და ისტორიების გაცნობისთვის.

დამიტოვეთ კომენტარი