დევიდ ბოუი – როკ-მუსიკის ქამელეონი


დევიდ ბოუი – ცნობილი ბრიტანელი როკ-მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, ხმის რეჟისორი, მხატვვარი და მსახიობი… 50 წლის განმავლობაში მუსიკალური შემოქმედებით იყო დაკავებული, იმიჯის ხშირი ცვლის გამო კი მეტსახელი ”როკ-მუსიკის ქამელეონი” მიიღო.
.
2016 წლის დასაწყისში, 8 იანვარს, დევიდის დაბადების დღეს, მისი ახალი ალბომი ” Blackstar” გამოვიდა. კრიტიკოსებმა იგი შეაფასეს როგორც არტისტის ბოლო დროის ერთ-ერთი საინტერესო და დამაინტრიგებელი ნამუშევარი, ასევე როგორც მომღერლის კარიერის ყველაზე ”ექსტრემალური” ალბომი.
.
1999 წელს დევიდ ბოუი საფრანგეთის მთავრობამ ხელოვნების ორდენით დააჯილდოვა, იმავე წელს ბერკლის მუსიკალური კოლეჯის საპატიო დოქტორის ხარისხი მიიღო. 2000 წელს ბრიტანეთის იმპერიის კომანდორის ჯილდოზე უარი განაცხადა, 2003 წელს კი რაინდის წოდებაზე: ”ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ რაიმე მსგავსს მივიღებდი. სერიოზულად არ ვიცი, რისთვის არის იგი საჭირო. ეს ის არ არის, რისთვისაც მთელი ცხოვრება ვიშრომე”.
.
.

1. მუსიკოსის ნამდვილი სახელი – დევიდ რობერტ ჯონსი. თავდაპირველად თავისი ნამდვილი სახელით გამოდიოდა სცენაზე.
ფსევდონიმი ცივი იარაღის პატივსაცემად აიღო – საბრძოლო დანა ბოუი (დანას ჯიმ ბოუის (1796—1836), ”ტეხასური რევოლუციის” ლიდერის სახელი ეწოდა). სასცენო ფსევდონიმით ზუსტად 50 წლის წინ წარსდგა, როდესაც მისი ახალი სახელი ფირფიტის Can’t Help Thinking About Me ყდაზე გამოჩნდა.

.
.

2. ბოუის სხვადასხვა ფერის თვალები ტრავმის შედეგია, რომელიც 15 წლის ასაკში მიიღო. დევიდმა და მისმა მეგობარმა ჯორჯ ანდერვუდმა გოგონას გამო იჩხუბეს. დევიდმა მარცხენა თვალში მიიღო დარტყმა ბეჭდით, რომელიც ანდერვუდს თითზე ეკეთა, ტრავმამ მხედველობის არის სიღრმის და ფერის აღქმის უნარის დაკარგვა გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ანდერვუდი და ბოუი მეგობრებად დარჩნენ.
.
.

3. დევიდ ბოუის დიდება 1969 წელს გამოსულმა სინგლმა ”Space Oddity” მოუტანა. სიმღერას BBC-ს რეპორტაჟების დროს იყენებდნენ მთვარეზე ეკიპაჟ აპოლო-11-ს დაშვებისა და აპოლო-13-ს გაფრენისას.
.
.

4. ამერიკაში ბოუიმ წარმატება 1975 წელს სინგლ Fame-ით ჰპოვა. მისი თანაავტორი და ბექ-ვოკალისტი ჯონ ლენონი გახლდათ.
.
.

5. სწორედ ბოუიმ დაწერა 1970 წელს სიმღერა The Man Who Sold The World, რომლის ყველაზე ცნობილი აკუსტიკური ქავერი კურტ კობეინმა 1993 წელს MTV Unplugged შოუში შეასრულა. ამის შემდეგ, როდესაც დევიდი საკუთარ სიმღერას ასრულებდა, კონცერტის მერე არტისტთან კულისებში შესული ადამიანები მას ეუბნებოდნენ: ”რა მაგარია, ”ნირვანას” სიმღერა რომ შეასრულეთო”.
.
.

6. 2000 წელს გამოცემა New Musical Express-ის მიერ სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებს შორის ჩატარებულ გამოკითხვაში, დევიდ ბოუი ყველაზე გავლენიან მუსიკოსად დაასახელეს. 2002 წელს BBC-ს გამოკითხვაში დევიდი 100 გამოჩენილ ბრიტანელს შორის 29-ე ადგილზე აღმოჩნდა. იგი როკ-მუსიკის ყველა დროის შემსრულებელთა ტოპ-სიაში შედის.
.
.

7. დევიდის პირველი მეუღლე მოდელი ანჯელა ბარნეტი გახდა, რომელიც 1969 წელს გაიცნო. 1971 წელს მათ ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ზოუი დაარქვეს. მეორედ ბოუიმ 1992 წელს მოდელ იმან აბდულმაჯიდზე იქორწინა, მათ 16 წლის ქალიშვილი ალექსანდრია ზაჰრა ჰყავთ.
.
.

8. 70-იანი წლების დასაწყისში ბოუი ნარკოტიკებს მიეძალა. მათი ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბოუი ეპატაჟურ განცხადებებს აკეთებდა, მაგალითად იმაზე, რომ ჰიტლერი პირველი როკ-ვარსკვლავი იყო, და ბრიტანეთს ფაშისტური ლიდერისგან დიდი სარგებელის მიღება შეეძლო. სიტყვაზე, საბჭოთა კავშირში სტუმრობისას მესაზღვრეებმა მუსიკოსს ”ნაცისტური ატრიბუტიკა” ჩამოართვეს. მოგვიანებით დევიდმა მისი სიტყვები უარჰყო და განაცხადა, რომ ფაშისტი არ არის.
.
.

9. დევიდ ბოუიმ სახელი კინოშიც მოიხვეჭა. მისი ყველაზე ცნობილი კინო როლები გახლავთ: უცხოპლანეტელი თომას ჯერომ ნიუტონის სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმში ”ადამიანი, რომელიც დედამიწაზე ჩამოვარდა”, ვამპირი ჯონი საშინელებათა ფილმში ’შიმშილი”, გობლინების მეფე ჯარეტი ფილმში ”ლაბირინთი”, ასევე იგი დევიდ ლინჩის ფილმში ”თვინ ფიქსი” FBI-ს აგენტის როლში გამოჩნდა.
.

10. სიკვდილამდე 2 დღით ადრე 69 წლის დევიდ ბოუიმ 24-ე უკანასკნელი სტუდიური ალბომი Blackstar გამოუშვა. ალბომის მთავარი კომპოზიცია ტელესერიალ ”უკანასკნელი პანტერების” მუსიკალურ ფონად გამოიყენება. ამ სიმღერაში ასეთი სიტყვები ჟღერს:
.
”რაღაც მოხდა როცა ის მოკვდა
მისი სული ერთ მეტრზე ავიდა და განზე გადგა
ვიღაცამ მისი ადგილი დაიკავა და ყვიროდა
მე შავი ვარსკვლავი ვარ, მე შავი ვარსკვლავი ვარ”

კატეგორია: მოზაიკა
დამიტოვეთ კომენტარი