ამადეო მოდილიანის “წყევლა”


იტალიელი მხატვრის, ამადეო მოდილიანის ხსოვნა მის უცნაურ მეტსახელში მოდი (ფრ. maudit – “დაწყევლილი) შემოინახა, რომელიც ერთდროულად კნინობით-მოფერებითიცაა და წინასწარმეტყველურიც. ყველაფერი, რაც მოდილიანის წილად ხვდა თავისი ტრაგიკული აღსასრულის შემდეგ, მას ცხოვრებაში აკლდა: წარმატება, დიდება, კრიტიკოსების ქება… ეს გახლავთ მხატვრის ისტორია, რომლის ბიოგრაფიის ბოლო ფურცელი ნაადრევმა და ტრაგიკულმა გარდაცვალებამ დაასრულა.
.


.

ამადეო მოდილიანი  იტალიის ქალაქ ლივორნოში 1884 წელს დაიბადა. მის მშობლიურ სახლზე დღეს მემორიალური დაფა ჰკიდია.
.

ამადეო მოდილიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი  დედამისმა, ევგენია გარსენმა შეასრულა. ის იხსენებს – შვილმა პირველად 14 წლის ასაკში გამოთქვა სურვილი, გამხდარიყო მხატვარი, თანაც ისეთ სიტუაციაში, როცა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდა, – ტიფით გამოწვეული ციებ-ცხელების მძიმე შეტევის დროს… “მოულოდნელად ბოდვაში გამოხატა ხატვის ქვეცნობიერი სურვილი. მას ამ მომენტამდე არასდროს უთქვამს ამის შესახებ, რადგან, ალბათ აუხდენელ ოცნებად ეჩვენებოდა” (ფოტოზე – მხატვრის დედა ევგენია გარსენი).
.

მძიმე დაავადება შესანიშნავი მხატვრული ნიჭის გაღვიძების ბიძგი გახდა. როგორც კი ევგენია შვილს შეჰპირდა ხატვის მასწავლებლის დაქირავებას მომჯობინების შემდეგ,  ავადმყოფმა მაშინვე სწრაფად მომჯობინება დაიწყო.
.

“ მხოლოდ ფერწერით არის დაკავებული. თანაც არაჩვეულებრივი ჟინით, რაც მე მაკვირვებს და აღმაფრთოვანებს… მისი მასწავლებელი მეტად კმაყოფილია” – წერდა ევგენია რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც შვილმა ფერწერის გაკვეთილების სწავლა დაიწყო.
.

17 წლის ასაკში ამადეო  ფლორენციის “შიშველი ნატურის ხატვის თავისუფალ აკადემიაში” ჩაეწერა. იმ ეპოქის “კეთილგანმზრახველ” მაცხოვრებლებს აკადემია ზარმაცებისა და უსაქმურების თავშესაფრად ეჩვენებოდათ, მაგრამ მომავალ მხატვარს ნაკლებად ადარდებდა სხვების აზრი. (ფოტოზე – ფლორენციის კათედრალური ტაძრის – სანტა მარია დელ-ფიორეს ხედი).
.

კიდევ 1 წლის შემდეგ მოდი ვენეციაში გაემგზავრა, სადაც ფერწერის შესწავლა განაგრძო. აქ მან ჩილელი მხატვარი მანუელ ორტის დე სარატე გაიცნო, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მისი ერთგულ მეგობრად დარჩა (ფოტოზე – მოდილიანის მიერ ფანქრით შესრულებული მანუელ ორტის დე სარატეს პორტრეტი).
.

მანუელი ვენეციაში ჩასვლამდე პარიზში ცხოვრობდა დიდხანს. სწორედ მან უამბო ამადეოს საფრანგეთის დედაქალაქის საცდურთა შესახებ, იქაური საზოგადოების გასაოცარ თავისუფლებაზე, მონმარტრის ატმოსფეროზე, ახალ მხატვრულ მიმდინარეობებზე, ქუჩების დახვეწილ გრაციაზე, კაფეების სიმყუდროვესა და პარიზული ყოფის ილუზორულ სიმსუბუქეზე.
.

1906 წლის იანვრის ერთ ცივ დღეს ამადეო მოდილიანი პარიზში გაემგზავრა. ეს მგზავრობა მისთვის წინააღმდეგობრივი გამოდგა: ერთი მხრივ, სურვილის ასრულების ტკბილი მომენტი, ხოლო მეორეს მხრივ – წარსულთან განშორების გამო გაჩენილი მსხვრევის შეგრძნება.
.

მოდი შესანიშნავად საუბრობდა ფრანგულად, ენა მას დედამ ჯერ კიდევ ბავშვობაში ასწავლა. ელეგანტურად იყო ჩაცმული, შესაძლოა, ცოტა გაბღენძილადაც, რაც აშკარა დისონანსს ქმნიდა მხატვრის სახებასთან. ამადეომ  ფაეტონი გააჩერა, ბარგი ჩატვირთა და მეეტლეს პარიზის ცენტრში მდებარე სასტუმროში მიყვანა მოითხოვა. პირველ ხანებში მას კარგად მორგებული მდიდრული შავი კოსტიუმი ეცვა, თეთრი პერანგითა და ჰალსტუხით. მის მორთულობას ასრულებდა სასეირნო ხელჯოხი, რომელიც გამუდმებით ხელს უშლიდა. მოდილიანი ხელჯოხს მოუხერხებლად იყენებდა ან იღლიის ქვეშ ჰქონდა ამოჩრილი.
.
 
პარიზში ყოფნის პირველი ორი კვირის განმავლობაში მოდილიანი გამუდმებით იცვლიდა სასტუმროებს, ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა (რაც, როგორც ჩანს, ღრმა შფოთვის ნიშანი იყო), სანამ საბოლოოდ მხატვართა თავშეყრის ცნობილ ადგილას, – მონმარტრის ბორცვზე არ დამკვიდრდა. ბორცვზე, რომელიც დაფარული იყო მწვანე ბოსტნებით თუ ვენახებით და ასევე ნაცრისფერი ბარაკებითა თუ ქარის წისქვილებით, სადაც სოფლული ცხოვრების წესი მეფობდა. (ფოტოზე – მონმარტრტი, 1907 წელი).
.

თუ სამართლიანია მტკიცება – “მხოლოდ ის ფულია შენი, რომელსაც ხარჯავ”, მაშინ მოდილიანი სიღატაკეშიც კი “მდიდარი” გახლდათ. ის დაუყოვნებლივ ქარს ატანდა ყველაფერს, რაც კი გააჩნდა. ასეთი უაზრო ფლანგვა გახდა მოარული ხმების საფუძველი მისი სიმდიდრის შესახებ, მაგრამ ეს ჭორები მალევე გაქარწყლდა – აღმოჩნდა, რომ სავარაუდო “ქონება” დედამისის მომცრო დანაზოგები იყო.
.

მაშინდელ დროში მანმარტრზე თითქმის ყველა მხატვარი, ჩვეულებრივ, სიღატაკეში ცხოვრობდა. ისინი მისდევდნენ არეული და ქაოსური ცხოვრების წესს, მაგრამ ამადეო მათ ფონზეც კი გამოირჩეოდა.  მუდმოვად ეხვეოდა უსიამოვნებებსა და აურზაურში, მისი ფიგურა კი სიცოცხლეშივე შეიმოსა ლეგენდების შარავანდედით. პარიზული ცხოვრების რამდენიმე თვის მანძილზე მოდილიანი მოკრძალებული ჭაბუკიდან მონმარტრის ყველაზე სახელგანთქმულ ლოთად იქცა.
.

მაგალითად, ჰყვებოდნენ ერთ საღამოს როგორ მივიდა მთვრალი მოდილიანი კაბარეში “ცქვიტი კურდღელი” (იმ დროის არტისტული ბოჰემის შეყრის საყვარელი ადგილი) და საერთო ჩხუბის პროვოცირება მოახდინა. ამ მომენტიდან დაწესებულების პატრონი მოდის ზღურბლს მიღმა ფეხს აღარ ადგმევინებდა. (ფოტოზე – კაბარე “ცქვიტი კურდღელი).
.

ამედეო მოდილიანის სმის მანერა ყოველგვარ რიტუალს უარყოფდა. სვამდა აჩქარებით, დიდი ყლუპებით,  სასმელისგან ყოველგვარი სიამოვნების მიღების გარეშე. მოკლე ხანში მიეჩვია აბსენტის სმას. ჩანს, ალკოჰოლი ეხმარებოდა მხატვარს გადაელახა თანდაყოლილი სიმორცხვე, რის დაფარვასაც ბახუსის ქვეშ მყოფი ამადეო აღვირახსნილი თავხედის ნიღბით ცდილობდა.
.

ალკოჰოლისკენ ლტოლვამ  და ერთობლივმა სმამ ამადეო მოდილიანისა და ნაცნობი მხატვრის, მორის უტრილოს დაახლოებას ხელი შეუწყო. “სამწუხარო იყო მათი ყურება, როცა რაღაც გაურკვეველი წონასწორობის მდგომარეობაში იყვნენ გადახვეული – ერთი ძლივს იდგა ფეხზე, მეორეც მალევე აპირებდა წაქცევას”, – იხსენებდა მხატვრობის კრიტიკოსი ანდრე ვარნო. პიკასომ კი მეგობრების დანახვისას ერთხელ მშრალად თქვა – “უტრილოს გვერდით მოდილიანი უკვე მთვრალია”. (ფოტოზე – მორის უტრილო).
.

1907 წელს ამადეო მოდილიანი თავის პირველ ნამდვილ მეცენატს, პოლ ალექსანდრს შეხვდა  – ახალგაზრდა ექიმს, რომელიც მასზე მხოლოდ 3 წლით იყო უფროსი . პოლმა  მხატვარს აგრძნობინა, რომ აფასებდა მის ნიჭს, ამშვიდებდა, უმსუქებდა უარყოფით შედეგებს, რაც ხშირად მოსდევდა მოდილიანის უგვანო საქციელს.  მხატვარს განკარგულებაში გადასცა მუშაობისთვის საჭირო სათავსი, ყიდულობდა მის ნახატებსა და ტილოებს, აწარმოებდა მოლაპარაკებებს მენატურე ქალებთან (ფოტოზე – ამადეო მოდილიანის შესრულებული პოლ ალექსანდრის პორტრეტი)
.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად  პარიზში ცხოვრება შეიცვალა , ბევრი მხატვარი საყოველთაო მობილიზაციაში მოჰყვა. ამადეო მოდილიანის, რომელმაც საკუთარი თავის სოციალისტად და ომის მოწინააღმდეგედ გამოაცხადა, ძალიან სურდა ფრონტზე მოხვედრილიყო, თუმცა სამხედრო ექიმმა დაიწუნა –   სამხედრო სამსახურისთვის ცნობა  არ გასცა სუსტი ჯანმრთელობის გამო. მოდილიანის იტალიური სიამაყე შეიბღალა, რასაც მისთვის ჩვეული წესით უპასუხა – უფრო მეტი ალკოჰოლისა და ჰაშიშის მოხმარება დაიწყო. (ფოტოზე – პარიზი, 1915 წელი).
.

მოდილიანის ესმოდა, რომ გრძნობა, რომელსაც ის ადამიანებში ყველაზე ხშირად აღძრავდა, საუკეთესო შემთხვევაში თანაგრძნობა იყო, უარესში კი – გაუცხოება და მიუღებლობა, თუმცა ვერაფრით ერეოდა საკუთარ თავს. გარშემომყოფნი უკვე მიეჩვევნენ მის ლოთის გარეგნობას – ძლივს იდგა ფეხზე და მზად იყო გაეცვალა თავისი სურათები ჭიქა ღვინოზე – ამადეო სპეციალურად იქცეოდა ასე. ამ დემონსტრაციას ფსიქოლოგები “მოსალოდნელ ქცევას” უწოდებენ.
.

1917 წლის თებერვალში მოდილიანი ჟანა ებიუტერნს შეხვდა – ქალს, რომელმაც ხანმოკლე დროით მისი ბედი გაიზიარა და ბოლომდე მასთან დარჩა. მხატვარი შეხვედრისას 33 წლის იყო, ჟანა 19-ის. (ფოტოზე – ჟანა ებიუტერნი).
.

ჟანასა და ამადეოს ურთიერთობას გარკვეულ შუქს ჰფენს თანამედროვეთა მოგონებები: “ის ნაბახუსევი სკამზე ზის, არ იცის რა ქნას, საით წავიდეს. მონპარნასის ბულვარის მხრიდან ჩნდება ჟანა, პალტო აცვია და ხელში თბილი შარფი უჭირავს. შეშფოთებული მიმოიხედავს და ბოლოს და ბოლოს ამჩნევს მას. ამადეოს გვერდით უჯდება და ყელზე შარფს შემოახვევს – მას ხომ ხველა და მაღალი სიცხე აქვს. მოდი ჩუმადაა, ქალს მხრებზე ეხვევა და ისინი დიდხანს უსიტყვოდ და უძრავად რჩებიან ასეთ მდგომარეობაში ერთმანეთს მიკრულნი. შემდეგ, ასევე გადახვეულები სახლში ერთად მიდიან”. (ფოტოზე – ამადეო მოდილიანის შესრულებული ჟანა ებიუტერნის პორტრეტი).
.

ლეოპოლდ ზბოროვსკი, რომელიც იმ მომენტში მოდილიანის მეცენატი იყო, მეტად კმაყოფილი გახლდათ მოდის ცხოვრებაში ჟანას გამოჩენით, რადგან იმედოვნებდა, რომ ის მოდიზე დადებით გავლენას მოახდენდა, აიძულებდა გაფრთხილებოდა ჯანმრთელობას და უარს ათქმევინებდა დამღუპველ ჩვევებზე. თუმცა ეს იმედები ამაო აღმოჩნდა. (ფოტოზე – ამადეო მოდილიანის შესრულებული ლეოპოლდ ზბოროვსკის პორტრეტი).
.

1917 წლის გვიან შემოდგომაზე პრესტიჟული გალერეის დიასახლისმა, ბერტა ვაილმა განაცხადა, რომ ორგანიზაციას გაუწევდა მოდილიანის პირველ პერსონალურ გამოფენას. დამსწრეთა მოზიდვის მიზნით ლეოპოლდ ზბოროვსკიმ ვიტრინაში რამდენიმე ნიუ გამოფინა, რამაც მყისიერი ეფექტი იქონია. ამან მეცენატის ყველაზე თამამ მოლოდინებს გადააჭარბა. ვიტრინასთან უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი, ისმოდა აღშფოთებული წამოძახილები, ვიღაცამ უკბილო ხუმრობებით დაიწყო ნანახის კომენტირება.
.

გალერეა, სადაც ეწყობოდა მოდილიანის პირველი პერსონალური გამოფენა, მეტად უიღბლოდ იყო განლაგებული პოლიციის განყოფილებასთან – დაწყებულმა აურზაურმა კომისრის ყურადღება მიიპყრო და თანამშრომლები გაგზავნა ამბის გასარკვევად.  რეიდის შედეგად გალერეის დიასახლისს უბრძანეს გამოფენა დაუყოვნებლივ დაეხურა.
.

მოდილიანის სიცოცხლეში ამ პირველმა და უკანაკნელმა გამოფენამ მაინც ითამაშა კეთილი როლი. სკანდალი, რომელიც მისი დახურვისას ატყდა, ფართოდ გახდა ცნობილი მთელი პარიზისთვის, მხატვის სახელი ყველას პირზე ეკერა. ომის წლებში ხელოვნებისთვის თითქმის არავის ეცალა, თუმცა ასეთმა უნებურმა რეკლამამ თავისი საქმე გააკეთა – მოდილიანის სურათების ყიდვა დაიწყეს.
.

1918 წლის 20 ნოემბერს ჟანა ებიუტერნმა გოგონა გააჩინა, რომელსაც დედის სახელი ჟანა დაარქვეს. ამადეო ისეთი ბედნიერი იყო, რომ საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ თავის ახალშობილ გოგონაზე ყველა შემხვედრს უყვებოდა. მერე გადაწყვიტა ეს ამბავი ბისტროში აღენიშნა და როდესაც გოგონას დაბადების რეგისტრაციისთვის კანცელარიაში მივიდა, კარი დაკეტილი დახვდა (ფოტოზე – ჟანა, ამადეო მოდილიანი ქალიშვილი).
.

დაბოლოს, დრამის უკანასკნელი აქტი: 1920 წლის 1 იანვარს ლეოპოლდ ზბოროვსკიმ, რომელიც  მოდილიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებული იყო, სახლში ჩაკეტა იგი. მხატვარი ყვიროდა და  გამოშვებას მოითხოვდა, ბოლოს და ბოლოს კი სახანძრო კიბით გამოიპარა.  მოდილიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოშვებული მორის უტრილო შეეჩეხა. სიხარული, ხვევნა, ბობოქარი ქეიფი, რომელიც  ბისტროში დაიწყო, შემდეგ ამადეოს სახლში გაგრძელდა. ამასობაში მეორე ბავშვზე ფეხმძმიმე ჟანაც შინ დაბრუნდა.
.

მომდევნო დღეს მოდილიანი გვიან ღამემდე სვამდა და  უკაცრიელ, ცივ ქუჩებში დაეხეტებოდა. ნაცნობ-მეგობრების კომპანია ეხვეწებოდა  სახლში ჟანასთან დაბრუნებულიყო, მაგრამ მას არაფრის გაგონება არ სურდა, შემდეგ კი გარშემომყოფთა შეურაცხყოფა დაიწყო. ილანძღებოდა, ყვიროდა, რომ მას არ ჰყავს მეგობრები და არც არასოდეს ჰყოლია. შემდეგ კი მოულოდნელად გაყინულ მერხზე დაჯდა და ყველას სთხოვა, მისთვის მიებაძათ – მოდის ლივორნოს პორტის ნავმისადგომი ელანდებოდა… ილაჯგამოცლილი მხატვარი ბოდავდა.
.

ბოლო დროს მოდილიანის სულ უფრო ხშირად ემართებოდა გონების დაბინდვა: ბოდვისას ესაუბრებოდა წარმოსახვით ადამიანებს, ხოლო ბულვარზე მიმქროლავ განათებულ მანქანებში ჩინურ დრაკონებს ხედავდა.
.

იმ საბედისწერო ღამეს მოდილიანი სახლში ტაქსით დაბრუნდა და ფილტვების ანთების სიმპტომებით ჩაწვა.  მაღალი სიცხე ჰქონდა და  გამუდმებით ბოდავდა. 1920 წლის 22 იანვარს ამადეო  ღარიბთა და უქონელთა საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, სადაც  24 იანვრის საღამოს გარდაიცვალა. მეგობრები მხატვრის უკასკნელ სიტყვებს იხსენებდნენ: “საკმაო გონება შემრჩა, რათა მივხვდე – ეს დასასრულია”. შემდეგ კი დაამატა:  “ ჩემს ცოლს ვაკოცე, ჩვენ მზართ ვართ სამუდამო ბედნიერებისთვის”.
.

25 იანვარს ჟანა ებიუტერნი საავადმყოფოში მოდილიანისთან გამოსამშვიდობებლად მივიდა მამამისთან ერთად და იმავე ღამეს მოიკლა თავი – მშობლების სახლის საძინებლიდან ფანჯარაში გადააბიჯა… ჟანა ცხრა თვის ორსული იყო.
.

ამადეოს დაკრძალვამ მეტად პომპეზურად ჩაიარა, რასაც ვერ ვიტყვით ჟანას დაკრძალვაზე. ამაოდ ცდილობდნენ მეგობრები ჟანას მშობლების დარწმუნებას – ახალგაზრდები ერთ საფლავში დაეკრძალათ. ებიუტერნების ოჯახმა უარი განაცხადა.
.

ორი წლის შემდეგ ჟანას ნეშტი მოდის საფლავში, პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაოზე გადაიტანეს. საფლავის ქვის წარწერა მათი ცხოვრების წიგნში უკანასკნელი ჩანაწერია, რომელიც იტალიურ ენაზეა შესრულებული: “ამადეო მოდილიანი. მხატვარი. დაიბადა ლივორნოში 1884 წლის 12 ივლისს. გარდაიცვალა პარიზში 1920 წლის 24 იანვარს. სიკვდილმა მას დიდებამდე მიუსწრო. ჟანა ებიუტერნი. დაიბადა პარიზში 1898 წლის 6 აპრილს. გარდაიცვალა პარიზში 1920 წლის 25 იანვარს. ამადეო მოდილიანის ერთგული ცხოვრების თანამგზავრი, რომელსაც მან სიცოცხლე მსხვერპლად შესწირა”.

 

კატეგორია: მოზაიკა
დამიტოვეთ კომენტარი