როზალინდა ჩელენტანო მამასთან ურთიერთობაზე

ამონარიდები ერთ-ერთი ინტერვიუდან

.


– ბავშვობის პირველი მოგონებები… როგორი განსხვავებულია თითოეული ადამიანისთვის! ჩემს შემთხვევაში ასეთი სურათია: 4 წლის ვარ, ვდგავარ და ვტირი. დედამ საჯდომზე წამომარტყა. ალბათ, რაიმე დავაშავე, მაგრამ ვერ ვხვდები რა. დედას კი მწარე ხელი აქვს. დედაჩვენი ძალიან ავტორიტარული ქალია, მე, ჩემს დასა და ძმას მკაცრად გვზრდიდა.

.

– მამაც მკაცრი იყო?

– მამა ჩვენს ცხოვრებაში ნაკლებად იყო. მუდამ დაკავებული, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავზე ფიქრობდა. ძალიან გვაკლდა მისი ყურადღება და სიყვარული… არტისტები ძალზედ ეგოისტური არსებები არიან. ერთხელ  ინტერვიუში განვაცხადე, რომ, ჩემი აზრით, მათ საერთოდ არ უნდა ჰყავდეთ შვილები! მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობლები არ მიყვარს. უბრალოდ, ისინი ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, როდესაც ჩვენ გავჩნდით, საკუთარი კარიერით დაკავებულები, შინ ხშირად არ იმყოფებოდნენ, ჩვენ კი მშობლები გვჭირდებოდა და გვენატრებოდა.

.

– ადრიანო ჩელენტანო ეპატაჟური ადამიანია. ავიღოთ თუნდაც ისტორია, ფილმისთვის ცეკვის რეპეტიციას შუა ქუჩაში რომ გადიოდა და მის გამო უზარმაზარი საცობი წარმოიქმნა…

– სინამდვილეში, მამა დიდი ბავშვია. 8 წლის წინ ჩემს ძმას, ჯაკომოს ვაჟი შეეძინა. როდესაც მეკითხებიან: ”მამათქვენი ბაბუად აღიქვამს თავს?” – ვპასუხობ: ”ის უფრო შვილიშვილად აღიქვამს თავს”. როდესაც მამა სამუელესთან თამაშობს, ვერ მიხვდები, რომელია მათგან უმცროსი.

.

– გათხოვების შემდეგ კლაუდია მორი ქმრის ჩრდილქვეშ მოექცა… ასე ადრიანომ მოისურვა?

– არა, ეს დედის პირადი გადაწყვეტილება იყო – საკუთარი თავი სრულებით ქმრისთვის მიეძღვნა. დედასთვის მამა შვილივითაა. მის გამო ის ნებისმიერი მსხვერპლისთვის მზად არის!

.

– მშობლების სახლი 18 წლისამ დატოვეთ და ერთი პერიოდი ვაგზალზე გეძინათ. რისი დამტკიცება გსურდათ?

– როგორც უკვე აღვნიშნე, დედა საკმაოდ ავტორიტარული ქალია,  ყველაფერი კარგის მიუხედავად, რაც მას ოჯახისთვის გაუკეთებია. და ეს ძალიან მიმძიმდა. ერთხელ ვიგრძენი, რომ დიდი პირადი სივრცე მჭირდებოდა. მომინდა, ხელოვნებით დავკავებულიყავი, მშობლები კი წინააღმდეგი იყვნენ. და მე წავედი… არსად. 6 თვე ქუჩაში, უსახლკაროებთან ვცხოვრობდი. თავი გადავიპარსე. ყოველთვის მეამბოხე ვიყავი. უნდა გავრკვეულიყავი, თუ რა მსურს.

.

– რაზე ოცნებობდით?

– არაფერზე. მხოლოდ იმაზე, რომ მოვმკვდარიყავი. მიმძიმდა, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. ვერ ვაიგივებდი თავს სამყაროსთან, ადამიანებთან. ვერ ვპოულობდი საკუთარ ადგილს ცხოვრებაში… სიკვდილთან რთული ურთიერთობა დამიმყარდა, მუდამ ვგრძნობ მის სიახლოვეს და მე მასზე ხშირად ვფიქრობ. 8 წლის წინ, როდესაც 36 წლის გავხდი, მომეჩვენა, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერმა მნიშვნელოვანმა უკვე ჩაიარა, და თვითმკვლელობა ვცადე.

.

40 საძილე აბი მივიღე და არაყი დავაყოლე. მაგრამ ექიმებმა დროზე მომისწრეს და გადამარჩინეს. მაშინ მეგობრები და მშობლები ძალიან დამეხმარნენ ყურადღებითა და მზრუნველობით. ამ შემთხვევის შემდეგ სიცოცხლე დავაფასე. მინდა ვუთხრა მათ, ვინც შესაძლოა, მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდეს: ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა, არ ღირს მისი ხელოვნურად კიდევ უფრო დამოკლება. ნუ დაივიწყებთ იმ ადამიანებზე, რომელთაც უყვარხართ.

.

– 6 წლის იყავით, როდესაც მამამ ძმასთან და დასთან ერთად ფილმში ”იუპი დუ” გადაგიღოთ. რას გაიხსენებდით ამ მომენტზე?

– ყველაზე უკეთ დამამახსოვრდა, დედა ულამაზეს ფორმაში მოულოდნელად როგორ ჩნდებოდა გადასაღებ მოედანზე. შარლოტა რემპლინგიც მახსოვს, რომელიც ასევე შესანიშნავად გამოიყურებოდა! ორივეს აღტაცებით ვუყურებდი. ალბათ, ბავშვობიდან ნამდვილი ესთეტი ვარ. ჩემთვის სილამაზე, როგორც შინაგანი, ასევე გარეგნული – ადამიანში უმთავრესია.

.

კიდევ მახსოვს, როგორ ვხულიგნობდი. ძალიან პატარა ვიყავი და ყველაფერი თამაშად მეჩვენებოდა. მახსოვს, როდესაც მამა განკარგულებას იძლეოდა ”კამერა!” -მე იქვე ვყვიროდი ”სტოპ!”. და ყველა ჩერდებოდა. ამას ისევ და ისევ ჩავდიოდი, სანამ მამამ განზე არ გამიყვანა და არ მითხრა: ” მამა, ყოველ ჯერზე, როდესაც კამერა ითიშება, ჩვენი ფული წყალს მიაქვს!”. მამა ამავდროულად ფილმის პროდიუსერიც გახლდათ. და მე შევწყვიტე მსგავსი ხუმრობა.

.

– მამასთან ერთად სიმღერები ჩაგიწერიათ?

– არა, თავის დროზე ეს ჩემმა დამ, როზიტამ (მამის ნებიერამ) გააკეთა. არ მსურს, რომ მხოლოდ როგორც ადრიანო ჩელენტანოს შვილს მიცნობდნენ . როდესაც სახლიდან წავედი, ოჯახისგან ყოველგვარ მატერიალურ მხარდაჭერაზე უარი ვთქვი და დღემდე მხოლოდ საკუთარი გამომუშავებული ფულით ვცხოვრობ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა როგორც როზალინდა დამიმახსოვროს.

.

რატომ უნდა ვისარგებლო მამის დამსახურებებით?! თუმცა, გვარზე უარი არ მითქვამს. ადრე გული მწყდებოდა, როდესაც ვამჩნევდი, ხალხს მხოლოდ იმიტომ ვაინტერესებ, რომ ადრიანოს შვილი ვარ. ახლა უკვე მივეჩვიე. გარდა ამისა, მშობლებმა აღიარეს ჩემი ხმის უფლება ხელოვნებაში. როდესაც მამამ ახალი ალბომი გამოუშვა, დამირეკა, რათა ჩემი აზრი გაეგო. ის დარწმუნებულია, ყველასგან განსხვავებით, მე ობიექტური ვიქნები. ეს ძალიან მსიამოვნებს.

.


– მსოფლიო აღიარება 2004 წელს გეწვიათ, როდესაც მელ გიბსონმა ფილმში ”ქრისტეს ვნებანი” გადაგიღოთ სატანის როლში. არ შეგეშინდათ ამ როლის შესრულების?

– არა, არ შემშინებია. თითოეულ ჩვენთაგანში არის რაღაც ღვთიურიც და სატანურიც. ეს მხოლოდ როლია, რომელშიც დავანახე ის ცუდი, რაც ადამიანშია. აი, მშობლები კი – ძალიან რელიგიური ადამიანები – ჩემს გადარწმუნებას ცდილობდნენ… მაგრამ როდესაც მამამ ფილმი ნახა, მითხრა: ”შენ პატარა ტალანტი ხარ!”. ვფიქრობ, სამი ათასი წლისაც რომ გავხდე, მისთვის მაინც პატარა ვიქნები.

.

– მართალია, რომ ფილმში ჰონორარის გარეშე მიიღეთ მონაწილეობა?

– დიახ. უარი ვთქვი ჰონორარზე, რადგან მსურდა დამემტკიცებინა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს სამუშაო. მაგრამ როდესაც გადაღებები დასრულდა და ამერიკელები შინ დაბრუნდნენ, მელ გიბსონს სახსოვრად ჩემი ერთ-ერთი ნახატი გავუგზავნე. მან წერილით მიპასუხა, სადაც მადლობა გადამიხადა საჩუქრისთვის და ამერიკაში მიმიწვია სამუშაოდ. ”მივხვდი – შენ ხარ ანგელოზი, მაგრამ არა დაცემული!” – და ჩეკი 4 ათასი ევროს ოდენობით. დღემდე არ გამინაღდებია ის ჩეკი, სახსოვრად ვინახავ.

.

– თუ მუშაობის ამერიკული სტილი მოგეწონათ, რატომ არ მიიღეთ მიწვევა?

– დიდ ხანს ამერიკაში ვერ გავძლებდი. მეჩვენება, რომ იქ ყველა ფარისეველია. ჩემთვის კი ეს საშიშია.

.

– ხასიათით დედას უფრო გავხართ თუ მამას?

– მამას. ჩვენ ორივე მეამბოხეები ვართ, საკუთარ არჩევანში დამოუკიდებლები, ვაკეთებთ მხოლოდ იმას, რაც გვსურს.

.

– ერთხელ განაცხადეთ, რომ გეშინიათ ვინმესთან სასიყვარულო მიჯაჭვულობის. რატომ?

– მარტოხელა ვარ. სიყვარული, როგორც ორი ადამიანის ერთობა – ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ცხოვრებაში, მე კი ყველაფერი მასშტაბური მაშინებს.

.
P.S.

.

მონიკა ბელუჩისთან ურთიერთობაზე:

.

– ახალგაზრდობაში ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ მე მას ჩამოვშორდი. ”ვიცი, რაც მოხდება: შენ ოდესმე ქმარ-შვილი მოგინდება. მე კი თავს მოვიკლავ”. ძალიან ბევრს ვფიქრობდი მასზე. როდესაც ახლა ერთმანეთს ვხვდებით, წარსულს ვიხსენებთ. შესანიშნავი არჩევანი გავაკეთეთ, მონიკას ჰყავს მამაკაცი და შვილები, მე – მამაკაცები და ქალები.

.

07/12/2012

კატეგორია: მოზაიკა
დამიტოვეთ კომენტარი