იდუმალი იორდანია

1

იორდანია – მიწა, რომელსაც ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. აქ ყოველი კუთხე-კუნჭული უდიდესი მოვლენების ნაკვალევს ინახავს, რომელთაც მსოფლიოზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიეს.

 

წამით დახუჭეთ თვალები და წარმოთქვით “იორდანიის სამეფო”, აუცილებლად გაგახსენდებათ ზღაპრები, რომლებსაც ბავშვობაში გიკითხავდნენ.

 

2
იორდანიაში ყოფნა საოცრებას ჰგავს. თეთრი ქვის სახლები, შთამბეჭდავი მთები, ზეთისხილის ბაღები, უძველესი ციხესიმაგრეები, მომაჯადოებელი უდაბნოები, წითელი ზღვა თავისი განუმეორებელი ფლორითა და ფაუნით, და რა თქმა უნდა, სამკურნალო თვისებების მატარებელი მკვდარი ზღვა.

 

3

 

იორდანიაში აწმყო და მომავალი თითქოსდა შერწყმულია, რაც ამჟამინდელ სამეფოს ტურისტისთვის მეტად საინტერესოს ხდის. გაიარო ბიბლიური გმირების ნაკვალევზე, იხილო ცივილიზაციის მემკვიდრეობა და ძველი სამყაროს მოზაიკური რუკა, დააგემოვნო უგემრიელესი არაბული სამზარეულო, დატკბე შესანიშნავი კლიმატით, გაისეირნო აქლემებზე, იბანავო ორ ზღვაში და დალაშქრო მთები!  მსგავს საოცრებას იხილავთ კიდევ  სადმე?

 

4

 

იორდანია მუსლიმანური სახელმწიფოა, მაგრამ თანამედროვე, სადაც არ მოგიწევთ სამოსზე ზრუნვა და ეროვნულ ან რელიგიურ კონფლიქტებზე დარდი. სამეფოს მცხოვრებლები ძალიან კეთილგანწყობილი და სტუმართმოყვარეები არიან.

 

5

 

ჭორების მიუხედავად, იორდანია იყო და რჩება მშვიდ და ცივილიზებულ ქვეყნად, სადაც თითქმის ყველა  ინგლისურად საუბრობს.

 

ამანი

OLYMPUS DIGITAL CAMERA

 

ამანი მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებისგან გამორჩეულია. ამ თანამედროვე არაბული ქალაქის ატმოსფერო თუ ვერ შეიგრძენით, იმედი გაგიცრუვდებათ, მით უმეტეს, თუ არ გსურთ იხილოთ ევროპული გლობალიზაციის ექსპანსია ძველ  მძლავრ და იდუმალ აღმოსავლეთზე.

 

7

 

ამანის ”სული” რომ შეიგრძნოთ, მისი ორივე ნაწილი  უნდა იხილოთ. პირველი – აღმოსავლეთი ამანი – კონსერვატიული, მუსლიმანური, სადაც ვიწრო ქუჩებში ღარიბი მოქალაქეები დადიან, გარეუბნებში კი პალესტინელი ლტოლვილების ბანაკებია განთავსებული. დასავლეთი ამანი რადიკალურად განსხვავებულია თავისი კომფორტული უბნებით, მოდური კაფე-ბარებით, სახვითი ხელოვნების გალერეებით, რომლებიც შთამბეჭდავი კოლექციების ”საცავია”.

 

8

 

ერთი სიტყვით, თუ იორდანიის დედაქალაქში შუა საუკუნეების ბაზრებში გსურთ გასეირნება ან მაჰმადიანობის გრანდიოზული მემკვიდრეობით დატკბობა, ამისათვის აქ ჩამოსვლა არ ღირს. ამანში უნდა ჩაეფლო ცოცხალი, თანამედროვე, კონტრასტული ქალაქის ატმოსფეროში, რომელიც უცხოელს სითბოთი და აღმოსავლური სტუმართმოყვარეობით ხვდება.

 

პეტრა

9

 

პეტრაზე ამბობენ: ”ეს ვარდისფერი ქალაქი ისეთივე ძველია, როგორც თავად დრო”. იორდანიის ყველაზე ღირსშესანავი ადგილია  პეტრა – ნაბატეველთა სამეფოს უძველესი დედაქალაქი, რომელიც კლდეებში გამოჭრილია 2000 წელზე მეტი ხნის წინ.

 

12

 

უმდიდრესი ისტორიის, მისტიური სილამაზისა და კარგად შენარჩუნებული ძეგლების წყალობით, ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი, 2007 წელს კი მსოფლიოს  ახალ შვიდ საოცრებათა შორის აღმოჩნდა.

 

10

 

ოდესღაც დიდებული, მე-12 საუკუნეში სალადინის მიერ შუა აღმოსავლეთის დაპყრობის შემდეგ, პეტრა მიტოვებულ იქნა. ქალაქი ფარულ მარგალიტად რჩებოდა 1812 წლამდე, სანამ იქ შვეიცარიელი მკვლევარი ბრუკჰარდი არ მოხვდა.

 

11

 

მისმა მონათხრობმა უამრავი მოგზაური შთააგონა, მაგრამ სერიოზული გათხრები პეტრაში მსოლოდ 1929 წელს დაიწყო.

 

13

 

ქალაქის პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვის რეჟისორ სტივენ სპილბერგს, რომელმაც თავისი ფილმი ”ინდიანა ჯონსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობა” სწორედ პეტრაში გადაიღო 1989 წელს.

 

მადაბა

15

 

მადაბა, რომელსაც  ”მოზაიკების ქალაქს” უწოდებენ, წმინდა მიწაზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქია. სწორედ აქ აღმოაჩენთ ბიზანტიურ შთამბეჭდავ მოზაიკებს, მათ შორის იერუსალიმისა და წმინდა მიწის მე-4 საუკუნის რუკას.

 

14

 

ადგილობრივი ქვისგან დამზადებული 2 მილიონზე მეტი ფერადი ფრაგმენტი გამოსახავს ბორცვებსა და ხეობებს ნილოსის დელტამდე.

მადაბა ამანისგან 30 კილომეტრში მდებარეობს თვალწარმტაც ”სამეფო გზაზე”, რომელიც 5000 წელს ითვლის.

 

ჯერაში

16

 

ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქი ჯერაში მდებარეობს ხეობაში, რომელსაც გარს ტყიანი ბორცვები ერტყმის.  დღეს ის ყველაზე კარგად შენარჩუნებულ პროვინციულ რომაულ ქალაქად მიიჩნევა, რაც გასაკვირი სულაც არ არის: ასობით წლების განმავლობაში ჯერაში ტონობით ქვიშის ქვეშ იყო ჩაფლული, გათხრები აქ მხოლოდ 70 წლის წინ დაიწყო.

 

17

 

18

 

უძველესი ჯერაში – რომაული ქალაქთმშენებლობის შესანიშნავ ნიმუშად მიიჩნევა. თანამედროვე ქალაქი ძველი ჯერაშის კედელს მიღმა, ნანგრევების აღმოსავლეთითაა გაშენებული.

 

პელა

19

 

პელა, ან ”არქეოლოგების ნებიერა”, როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ, მდიდარია სიძველეებით.

 

20

 

ბერძნულ-რომაული ხანის ნანგრევების გარდა, აქ ენეოლითური დასახლების კვალსაც იპოვით, რომელიც ჩ.წ.ა. 4 ათასწლეულებით თარიღდება, ასევე იხილავთ ბრინჯაოსა და რკინის საუკუნეების გამაგრებული ქალაქებისა და ბიზანტიური ეკლესიების ნანგრევებს.

 

მდინარე იორდანე

22

 

იორდანე – მდინარე ახლო აღმოსავლეთში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წმინდა მდინარედ მიიჩნევა, სათავეს ჰერმონის მთიდან იღებს და მკვდარ ზღვაში ჩაედინება. მდინარის ქვედა ნაწილი ისრაელსა და იორდანიას შორის ბუნებრივ საზღვარია.

 

21

 

იორდანე ბიბლიაში მრავალჯერ არის ნახსენები. ძველი აღთქმის თანახმად, ისუ ნავეს ძემ მისი გადალახვის შემდეგ, ხალხი ისრაელის აღთქმულ მიწაზე შეიყვანა, რითაც ებრაელების უდაბნოში 40-წლიანი ხეტიალი დასრულდა. მოგვიანებით, ახალი აღთქმის თანახმად, ამ მდინარეში იესო ქრისტე მოინათლა.

 

ვადი-რამის უდაბნო

23

 

ვადი-რამი – საოცარი ადგილია, რომელსაც ცივილიზაცია არ შეხებია. ათასობით წლების განმავლობაში ქარისა და მზის ზემოქმედებით, აქ უნიკალური კლდეები, ჭები და კანიონები წარმოიშვა.

 

26

 

24

 

ვადი-რამი ნამდვილი სამოთხეა მეკლდეურებისა და ისტორიის მოყვარულებისთვის – ნაკრძალის ტერიტორიაზე კლდეებზე გამოსახული ზოგიერთი ნახატი 4000 წელზე მეტს ითვლის.

 

25

2011 წლის ივნისიდან ვადი-რამის უდაბნო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი.

 

მკვდარი ზღვა

27

 

იორდანიის მკვდარი ზღვის სანაპირო უნიკალური კლიმატის მქონე ნაკრძალშია განლაგებული და სამკურნალო თვისებებით არის ცნობილი.

 

28

 

გაუდინარი მლაშე ტბის წყალი უამრავ კომპონენტს შეიცავს, მათ შორის ბრომს, ქლორსა და იშვიათ ლითონებს. სანაპიროს აღმოსავლეთ სანაპიროზე თვალწარმტაცი პეიზაჟები იშლება.

 

29

 

მკვდარი ზღვა – გამაჯანსაღებელი ტურიზმის ნამდვილი მექაა.

კატეგორია: მოზაიკა
მკითხველის კომენტარი
  1. თამილა says:

    საოცარია!

დამიტოვეთ კომენტარი