ბუენოს-აირესი – სამხრეთ ამერიკის კულტურული დედაქალაქი

1

 

არგენტინის დედაქალაქი, როგორც წესი, ევიტას სახელთან, ტანგოსთან და ფეხბურთთან ასოცირდება. ”ჩვენი დედოფლის წმინდა მარია სამართლიანი ქარების დედოფლის ქალაქი” – სწორედ ასე ჟღერს ბუენოს-აირესის ისტორიული სახელწოდება. ეს გახლავთ ნამდვილი ”კონტრასტების ქალაქი” – თანამედროვე ცათამბჯენებს აქ ძველი ესპანური კვარტლები ერწყმის, ქალაქის ცენტრის ფეშენებელურ უბნებს კი – მრავალრიცხოვანი ღარიბი დასახლებები.

 

2

 

ქალაქის ძველი ნაწილი ერთდროულად პარიზს, ლონდონსა და მადრიდს გაგონებს, ბუენოს-აირესის ახალი უბნები კი – თანამედროვე ქალაქია მრავალსართულიანი ნაგებობებითა და ცათამბჯენებით, სადაც მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ოფისებია განთავსებული. მთლიანობაში , ქალაქი  კოლონიალური სტილის შტრიხებს ინარჩუნებს.

 

ქალაქის შექმნის ისტორია

 

3

 

ბუენოს-აირესი 1536 წელს ესპანელმა კონკისტადორმა, პედრო დე მენდოსამ დააარსა, თუმცა, ინდიელების თავდასხმის შედეგად ქალაქი გადადგურდა და უკვე 1580 წელს მომდევნო კონკისტადორმა, ხუან დე გარაიმ აღადგინა. ამგვარად, გამოდის, რომ ბუენოს-აირესი ორჯერ დაარსდა.

 

თავდაპირველად, ქალაქი პერუს ვიცე-სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, რომელიც ესპანეთის მძლავრი იმპერიის ნაწილი გახლდათ. და მხოლოდ 1776 წელს გახდა ბუენოს-აირესი ახლადშექმნილი ვიცე-სამეფოს, რიო-დე-ლა-პლატას დედაქალაქი. 1806 წელს ქალაქი რამდენიმე თვის განმავლობაში ბრიტანეთის ჯარების მიერ იყო ოკუპირებული. 1810 წელს მაისის ცნობილი რევოლუცია მოხდა.  შედეგად, ესპანელი მმართველი ჩამოაგდეს და შეიქმნა პირველი ხუნტა, რომელიც არგენტინის პირველი ეროვნული მთავრობა გახდა.

 

 

4

 

ბუენოს-აირესი არგენტინის დედაქალაქი 1880 წელს გახდა. სწორედ მაშინ დაიწყო მისი აღმავლობის პერიოდი: ქალაქში გაჩნდა უამრავი ფართო პროსპექტი და მოხდენილი მოედანი, ძეგლი თუ შადრევანი, ასევე ”პარიზულ სტილში” აგებული შენობები. ბუენოს-აირესმა ”სამხრეთ ამერიკის პარიზის” სტატუსი მოიპოვა.

 

ბუენოს-აირესის ღირსშესანიშნაობები

 

11

 

არგენტინის დედაქალაქი უამრავი მოგზაურის ოცნებაა. ბუენოს-აირესი იმდენად საინტერესო და საოცარი ქალაქია, რომ მის დასათვალიერებლად და ატმოსფეროს შესაგრძნობად 2-3 დღე ნამდვილად არ არის საკმარისი.

 

5

ქალაქი უამრავი ღირსშესანიშნაობით, პარკებითა თუ ბულვარებით დაიკვეხნის. ხელოვნების მოყვარულებს შეუძლიათ დატკბნენ მუზეუმებით, გალერეებითა და თეატრებით.

 

6

 

ახალგაზრდებზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს აქაური ღამის ცხოვრება თავისი ღამის კლუბებითა და ხმაურიანი წვეულებებით. ერთი სიტყვით, ბუენოს-აირესის ღირსშესანიშნაობები ყველაზე მომთხოვნი მოგზაურის გემოვნებასაც დააკმაყოფილებს.

 

ლა-ბოკა

 

7

 

ქალაქის დათვალიერება კი მთავარი ტურისტული უბნიდან – ლა-ბოკა – უნდა დაიწყოთ.

აქ ყველაფერია, რაც მოგზაურებს უყვართ – ცეკვები, სიმღერები, ფერწერა და უამრავი კაფე თუ რესტორანი. ადგილობრივებს ლა-ბოკა არ უყვართ – მიიჩნევენ, რომ ეს ”ტურისტული სამოთხე” ხელოვნურად შეიქმნა და ქალაქის ნამდვილ სულს არ ასახავს. მიუხედავად ამისა, აქაურობას აუცილებლად ეწვიოთ. უბნის მთავარი ქუჩა გახლავთ კამინიტო, სადაც სიცოცხლე ნებისმიერ დროს ჩქეფს – მხატვრები ქმნიან ნახატებს, მუსიკოსები უკრავენ, ადგილობრივები კი სუვენირებით ვაჭრობენ. და ეს ყველაფერი ტანგოს რიტმების თანხლებით ხდება, რადგან მოცეკვავეები პირდაპირ ქუჩაში მართავენ წარმოდგენას. ლა-ბოკას განსაკუთრებული მშვენება კი – ფერადი სახლებია.

 

 

8

 

მე-19 საუკუნის ბოლოს ლა-ბოკაში ევროპელი ემიგრანტები დასახლდნენ, ძირითადად, იტალიელები. სწორედ მათ შექმნეს თანამედროვე უბნის იერსახე.

სახლებს სხვადასხვა ფერებში დალხინებული ცხოვრების გამო არ ღებავდნენ: ერთი სახლის კედელი შეიძლება ყვითელი ფერის ყოფილიყო, კარები – წითელი, სახურავი კი -მწვანე. უბრალოდ, ემიგრანტებს ერთი ფერის საკმარისი საღებავი არ ჰქონდათ და იყენებდნენ ყველაფერს, რაც ხელთ მოხვდებოდათ. რამდენიმე ხანში კი ეს ლა-ბოკას სიმბოლო გახდა და ხალხმა უკვე შეგნებულად დაიწყო საცხოვრებლების კაშკაშა ფერებით შეღებვა.

 

 

9

ლა-ბოკაში უამრავი მხატვარი ცხოვრობს, რომლებიც ქუჩის იმპროვიზირებულ გალერეაში ”კამინიტო” სიამოვნებით აწყობენ გამოფენა-გაყიდვებს. უბანმა პოპულარობა ამ თვალსაზრისით მხატვრის ბენიტო კინკელის წყალობით მოიპოვა, რომელსაც აქ საპორტო ქალაქის ყოფისა და მცხოვრებლების ხატვა უყვარდა. ხშირად, ნახატებს პირდაპირ კედელზე ქმნიდა.

 

 

ბუენოს-აირესის სავიზიტო ბარათები

 

რაღა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ქალაქის სავიზიტო ბარათებს – ვარდისფერ სახლს კასა-როსადა, კონგრესის შენობას და კათედრალურ ტაძარს. კულტურული ძეგლების უმეტესობა მოედანზე Plaza de Mayo არის განთავსებული.

 

12

ქალაქის სიმბოლო – 67-მეტრიანი ობელისკი – რესპუბლიკის მოედანზე მდებარეობს. ობელისკი 1936 წლის 23 მაისს გახსნეს, ქალაქის დაარსების 400 წლის თავზე. მის მახლობლად, ცნობილი არგენტინელი მწერლის, ხორხე ლუის ბორხესის სახლ-მუზეუმს შეგიძლიათ ეწვიოთ.

 

არგენტინული ტანგო

 

13

 

ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სავიზიტო ბარათი – არგენტინული ტანგო,  მასიური ემიგრაციის წყალობით წარმოიშვა. მე-19 საუკუნის დასასრულს, ბუენოს-აირესში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უკეთესი ცხოვრების მაძიებელი უამრავი ადამიანი ჩამოვიდა და  თავისი ქვეყნის მუსიკალური ტრადიციები ჩამოიტანა. ამგვარად, ბუენოს-აირესში წარმოიშვა ახალი ცეკვა, რომელიც  სხვადასხვა კულტურისა და  მუსიკალური სტილის  ნაზავს წარმოადგენდა.

 

10

 

ტანგოში აფრიკული ცეკვების, ესპანური ფლამენკოს, ჰავანური ჰაბანერას რიტმები აირია. ეს ახალი მგზნებარე ცეკვა ემიგრანტების ნოსტალგიასა და სამშობლოს მონატრებას, უიმედო სიყვარულსა და მარტოობას გამოხატავდა. და გამოვიდა მრავალწლიანი ისტორიის მქონე ხალხების ტრადიციების, ფოლკლორისა და გრძნობების უნიკალური შერწყმა. ასე იშვა ტანგო – საზოგადოების ყველაზე დაბალი ფენის ქუჩის ცეკვა.

 

14

 

დღეს ბუენოს-აირესის ტანგოს გარეშე წარმოდგენა შეუძლებელია. მისი ჰანგები ყველგან ჟღერს – ქუჩებში, მაღაზიებში, კაფეებში…

ყოველ საღამოს ტანგოს ასობით მოცეკვავე იყრის თავს მილონგებში (ტანგოს საცეკვაო დარბაზები). სწორედ ამ გარემოში იხილავთ ნამდვილ, ცეცხლოვან ტანგოს და შეიგრძნობთ არგენტინულ სულს. აქვე შეგიძლიათ მგზნებარე, მაგრამ ძალიან რთული ცეკვის რამდენიმე გაკვეთილი აიღოთ. ბუენოს-აირესის ტანგო-შოუები უამრავ ტურისტს იზიდავს, ეს სიამოვნება იაფი ნამდვილად არ არის,თუმცა, ქუჩის მოცეკვავეების წარმოდგენების ხილვა სრულიად უფასოდ შეგიძლიათ.

 

გასტრონომია

 

15

 

ისეთ მრავალწახნაგოვან ქვეყანაში, როგორიც გახლავთ არგენტინა, წარმოდგენილია მრავალფეროვანი გასტრონომიული მიმართულება, რომელიც ისევ და ისევ ემიგრანტების წყალობით ჩამოყალიბდა. არგენტინული სამზარეულო გახლავთ იტალიური, ფრანგული, ესპანური, არაბული და ებრაული სამზარეულოს ნაზავი.

 

17

ტიპიური არგენტინული კერძების დაგემოვნება, უპირვველეს ყოვლისა ხორცის ცნობილი პარილიათი უნდა დაიწყოთ. არგენტინა განთქმულია ძროხის განსაკუთრებული ჯიშებით, რომლებსაც საუკეთესო და უგემრიელესი ხორცი აქვს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თუკი ხორცის მოყვარულების სამოთხე არსებობს – ეს არის არგენტინა. ყველაზე პოპულარული არგენტინული კერძი ხორცის სხვადასხვა ნაჭრის, სოსისის, ძეხვის ასორტის წარმოადგენს, რომელსაც ნახშირზე წვავენ.

 

ხორცის ძირითადი კერძები გახლავთ: bife de chorizo (უზარმაზარი, 5 სანტიმეტრის მქონე დიამეტრის სტეიკი), bife de lom (ფილეს ნაჭერი), bife de costilla (ძვლიანი სტეიკი), და simple chorizo (უგემრიელესი ღორის სოსისი). წასახემსებლად აუცილებლად დააგემოვნეთ შემწვარი ყველი provoleta და პატარა ხორცის ღვეზელები სახელწოდებით empanadas, რომლებსაც წითელ ღვინოსთან მიირთმევენ.

 

16

 

საერთოდ, ბუენოს-აირესის რესტორნები იმდენად კარგი და მრავალფეროვანია, რომ მათზე ცალკე წიგნის დაწერა შეიძლება. იგრძნობა მრავალწლიანი ტრადიციები, გასტრონომიული კულტურა და სკოლა, მიმტანების არტისტული და ვირტუოზული მომსახურება კი ისედაც შესანიშნავ გარემოსა და უგემრიელეს კერძებს დაუვიწყარს ხდის. მიმტანები კლიენტებს შინაურულად ეპყრობიან, სიამოვნებით და საქმის ცოდნით ურჩევენ ამა თუ იმ  კერძსა თუ ღვინოს, და ხელიდან არ უშვებენ გონებამახვილური ხუმრობისა და კომენტარის შანსს. ეს ყველაფერი  თეატრალურ წარმოდგენას ემსგავსება. არგენტინული რესტორნის სტუმრობისას არამხოლოდ გასტრონომიულ, არამედ, ესთეტიკურ სიამოვნებასაც იღებ.

 

კატეგორია: მოზაიკა
დამიტოვეთ კომენტარი