სან-მარინო – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფო ლეგენდარული ღისშესანიშნაობებით

1

სან მარინო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფოა მონაკოსა და ვატიკანის შემდეგ, და ევროპის უძველესი სახელმწიფო, რომელისაც ყველა მხრიდან იტალიის ტერიტორია ესაზღვრება. სან-მარინოს ტერიტორია 9 უძველესი ციხე-სიმაგრისგან (ან ქალაქი-კომუნებისგან) შედგება, იმავე სახელწოდების დედაქალაქის ჩათვლით, რომლებიც პირველი დასახლებების ადგილზე წარმოიშვა: აქუავივა, ბორგო-მაჯორე, დომანიანო, კიესანუოვა, მონტეჯარდინო, სერავალე, ფაეტანო, ფიორენტინო.

 

2

 

3

 

სან-მარინოს მცხოვრებლები თავიანთი ისტორიით ამაყობენ, იცავენ ტრადიციებს და ყველაფერს აკეთებენ, პატარა და ამაყ რესპუბლიკას მსოფლიოში სახელი რომ გაუთქვან. სწორედ ამიტომ, სტუმრებს აქ კეთილგანწყობილად ხვდებიან, გემრიელად აჭმევენ და ართობენ: აწყობენ ფესტივალებს, აწყობენ მუზეუმებს საინტერესო ექსპოზიციებით, ხსნიან აუთლეტებს რეკორდული ფასდაკლებებით, და რაც მთავარია, უფრთხილდებიან წინაპრების უმდიდრეს მემკვიდრეობას: სან-მარინოს ღირსშესანიშნაობები ბებერი ევროპის გმირული წარსულის საგების გაცოცხლებული ილუსტრაციაა. სან-მარინო მოგზაურებისთვის საყვარელი ადგილია, აქაურობას ყოველწლიურად მსოფლიოდან მილიონობით ტურისტი სტუმრობს.

 

4

 

რესპუბლიკის დედაქალაქი – ქალაქი-კომუნა სან-მარინო გახლავთ, სადაც ხელისუფლება, სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულება და ადგილობრივი გაზეთების რედაქციები ბაზირდება. მაგრამ აქ მოხვედრილ ტურისტს ნაკლებად დააინტერესებს თანამედროვეობის ატრიბუტიკა: ძველი სან-მარინო – ნამდვილი მუზეუმია ღია ცის ქვეშ, რომელიც მთა მონტე-ტიტანოს მწვერვალზეა გადაჭიმული.

 

5

 

ქვის სახლები კრამიტის სახურავებით, ვიწრო მოკირწყლული ქუჩები, მორთულ-მოკაზმული მოედნები და ლეგენდარული ღირსშესანიშნაობები – აი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კომპაქტური და ლამაზი დედაქალაქის პორტრეტი.

 

7

 

ჩრდილოეთით განლაგებულია კომუნა სერავალე – რესპუბლიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტი. აქ ქვეყნის სპორტული გული სცემს: ოლიმპიური და ბეისბოლის სტადიონები ათასობით გულშემატკივარს იტევს და უმსხვილეს საერთაშორისო შეჯიბრებს სტუმრობს. ისინი, ვინც სპორტისგან შორსაა, ათვალიერებენ შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეს, სეირნობენ პარკებში და შოპინგობენ მთელ ევროპაში ცნობილ აუთლტში.

 

8

 

მცხოვრებლების რაოდენობით მეორე დასახლებული პუნქტი გახლავთ ბორგო-მაჯორე, რომელსაც ადრე მერკატალე – „ბაზარი“ ეწოდებოდა. აქ ვაჭრობა დღემდე ჰყვავის. მოედანი პიაცა-გრანდე ცნობილია აბრეშუმით, ბროლით და სხვა მაღალი ხარისხის საქონლით. კომუნა დომანიანო ცნობილია თავისი საყარაულო კოშკით – ტორაჩია, ფიორენტინო – ერთ დროს მიუწვდომელი სასახლეების ნანგრევებით, აქუავივა ქვეყანას სასმელი წყლით ამარაგებს, მონტეჯარდინო კი ფასეული კადრებით: აქ სან-მარინოს ერთადერთი უნივერსიტეტი მდებარეობს.

 

6

 

სან მარინოს ღირსშესანიშნაობები

 

ბაზილიკა სან-მარინო

 

9

 

ბაზილიკა სან-მარინო, ან ბაზილიკა-დელ-სანტე – ქალაქის მთავარი ეკლესიაა, რომელიც იმავე სახელწოდების წმინდანს ეძღვნება. ეს გახლავთ ნეოკლასიკური ნაგებობა. 2008 წელს ბაზილიკა, როგორც სან მარინოს ძველი ცენტრის ნაწილი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების ნუსხაში შევიდა.

ბაზილიკის ისტორია ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში იწყება, როდესაც ამ ადგილას წმ. მარინის სახელობის ეკლესია ააგეს. მე-19 საუკუნეში ეკლესია საბოლოოდ გაჩანაგდა და აღდგენას არ ექვემდებარებოდა, ამიტომ 1807 წელს მთლიანად დაანგრიეს. ახალი ტაძრის ასაშენებლად ბოლონიელი არქიტექტორი აკილე სერა მიიწვიეს, მშენებლობა 1826 წელს დაიწყო და 12 წელს გაგრძელდა. მასიური სამრეკლო, რომელიც რომანული სტილით გამოირჩეოდა, მე-17 საუკუნის ორიგინალის მიხედვით ააგეს.

 

პალაცო პუბლიკო სან-მარინოში

 

10

 

პალაცო პუბლიკო სან მარინოს პოლიტიკური ცხოვრების ისტორიის შუაგულია. 1380-1392 წლებში აგებული სასახლე პიაცა დელა ლიბერტაზე დგას. დღეს ეს გახლავთ სამთავრობო ოფიციალური შენობა და ამავდროულად, საქალაქო რატუშა. აქ სახელმწიფო ცერემონიალები ტარდება. სასახლის ლამაზი ინტერიერების  დათვლიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

 

სან-მარინოს სამი კოშკი

 

11

 

სან-მარინოს სამი კოშკი მონტე-ტიტანოს სამ პიკზე დგას. ისინი სან-მარინოს ეროვნულ დროშასა და ღერბზეა გამოსახული. ყველაზე ძველი და ყველაზე ცნობილი გახლავთ გუაიტა, რომელიც მე-10 საუკუნეში აშენდა და ციხედ გამოიყენებოდა. მეორე კოშკი – ცესტა, მე-11 საუკუნეში ააშენეს მონტე-ტიტანოს უმაღლეს მწვერვალზე, აქ 1956 წლიდან მუზეუმია გახსნილი. მესამე კოშკი – მონტალე, მე-13 საუკუნეშია აგებული და დანარჩენი ორისგან განსხვავებით, ფართო პუბლიკისთვის დაკეტილია. 3 კოშკი სან-მარინოს თავისუფლების სიმბოლოა და მათ დიდი ადგილი უკავიათ პაწაწინა სახელმწიფოს მოქალაქეების გულებში.

 

თანამედროვე ხელოვნების გალერეა

 

12

 

ბიენალეს სეზონი სან მარინოში 1956 წელს გაიხსნა. თანამედროვე ხელოვნების გალერეის ისტორია სწორედ ამ წლიდან იწყება. პირველ ექსპოზიციაში 500-ზე მეტი მხატვრის ნამუშევარი იყო წარდგენილი, ცნობილი იტალიელი ხელოვანი, რენატო გუტუზო კი ჟიურის წევრი იყო. გამოფენას 100 ათაზე მეტი მაყურებელი ეწვია. ეს გამოცდილება 2 წლის შემდეგაც გაიმეორეს, რამაც საფუძველი დაუდო საგამოფენო მოედნის მშენებლობას.

 

დღეს თანამედროვე ხელოვნების ეროვნული კოლექცია 750 ობიექტს ითვლის, რომელთა უმეტესობა მე-20 საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება. კოლექციაში უამრავი ცნობილი არტისტის ნახატები, სკულპტურები, აკვარელები და ფოტოები შედის, ასევე აქ წარდგენილია ახალგაზრდა, დამწყები მხატვრების ნამუშევრებიც.

 

სან-მარინოს ეროვნული მუზეუმი

 

13

 

სან მარინოს ეროვნული მუზეუმი ფართო საზოგადოებისთვის 1899 წელს გაიხსნა, იმ დროს ის პალაცო ვალონიზე იყო განლაგებული, 2001 წლის მარტში კი პალაცო პერგამი-ბელუციში დაიდო ბინა. დღეს მუზეუმის კოლექცია 5 ათასზე მეტ ექსპონატს ინახავს, რომელთაგან უმეტესობა ეროვნულ საგანძურს წარმოადგნს.

მუზეუმის კოლექციის უმსხვილესსი ნაწილი არქეოლოგიას ეძღვნება. არქეოლოგიურ კრებულში წარმოდგენილია აღმოჩენები, რომლებიც ნეოლითიდან შუასაუკუნეების პერიოდამდე თარიღდება. მათ შორის, ბრინჯაოს ძეგლები ტანაკია და ოქროს კვიცი დომანიანოს საგანძურიდან.

 

შოპინგი სან-მარინოში

 

14

 

სან-მარინო უბაჟო ვაჭრობის ზონაა, ამიტომ აქ ფასები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იტალიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში. 2 მაღაზია-დისკონტი, რომელიც გასული სეზონის საქონლით ვაჭრობს და 2 სავაჭრო ცენტრი Atlante და Azzurro, ასევე ასობით ლამაზი მაღაზია მთელი ქვეყნის მასშტაბით. აქ მომგებიანია ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიის, კოსმეტიკის, ელექტრომოწყობილობებისა და მუსიკალური ინსტრუმენტების შეძენა.

 

15

 

სან-მარინო ხარისხიანი იტალიური და ევროპული მას-მარკეტის ოაზისია. აუთლეტებში 30-70%-იანი ფასდაკლება მთელი წლის განმავლობაში მოქმედებს, მაგრამ ყველაზე მომგებიანი მაინც ივლისისა და იანვრის ფასდაკლებების სეზონია, როდესაც ამ ფასდაკლებას კიდევ 30-50% აკლდება.

 

00

 

მზიანი რესპუბლიკიდან აუცილებლად უნდა ჩამოიტანოთ მზის სათვალები: სპეციალური მაღაზიები აქ ყოველ ნაბიჯზეა. არანაკლებ პოპულარული სუვენირებია – კერამიკული ნაწარმი, ადგილობრივი ოსტატების ნაკეთობები, ხელნაკეთი სამკაულები. ასევე, ტყავის აქსესუარები – ჩანთები, საფულეები, ქამრები. სამახსოვრო წვრილმანების საუკეთესო არჩევანი თავისუფლების მოედანსა და გუაიტის კოშკის შორის მდებარე პატარა ქუჩაზეა. ბორგო-მაჯორეს ცენტრალურ მოედანზე სამშაბათობით ფერმერული ბაზრობა ეწყობა სოფლის პროდუქტებით.

 

სან-მარინოს სამზარეულო და რესტორნები

 

16

სან-მარინოში იტალიური სამზარეულოს ძლიერი ზეგავლენა იგრძნობა. აქ აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ იტალიური ღვეზელი პიადინა,

 

17

 

ასევე პოლენტა, რომელიც ძალიან ჰგავს ჩვენს მეგრულ ღომს, მას აქ სოსისთან, ტომატის სოუსთან და გახეხილ ყველ პეკორინოსთან მიირთმევენ. პასტის ყველაზე პოპულარული კერძი გახლავთ Strozzapreti, პიტნის სოუსითა და გახეხილი ყველით. სან-მარინოს ეროვნული ტკბილეულობაა La Pagnotta, ტკბილი პური ქიშმიშით და ანისულის არყით.

 

18

 

სან-მარინოში წარმოუდგენელი რაოდენობის კაფე თუ რესტორანია, რომლებიც ნებისმიერ ჯიბესა და გემოვნებას ერგება. თითქმის ყველგან იტალიურ კერძებს მოგართმევენ, გამონაკლისს რამდენიმე აზიური რესტორანი წარმოადგენს სავაჭრო ცენტრებში.

 

19

 

მონტე-ტიტანოს ნაყოფიერ მიწაზე ზეთისხილი ხარობს, რომლისგანაც შესანიშნავ ზეთს წურავენ. ასევე, მეფუტკრეები აკაციისა და წაბლის შესანიშნავ თაფლს აწარმოებენ. სხვა ადგილობრივი პროდუქტებია: ტორტები Titano და Tre Monti, ასევე ადგილობრივი ლიქიორი, მაგალთად, Tilus – მწარე ტრიუფელის არომატით, ან Duca di Guelfo.

 

კატეგორია: მოზაიკა
დამიტოვეთ კომენტარი