ვინსენტ ვან გოგი: ფსიქიკური აშლილობის გადატანის გამოცდილების შესახებ

1

ვინსენტ ვან გოგი – ერთ-ერთი იმ მხატვართაგანია, ვისაც სპეციალისტები ერთხმად მიაკუთვნებენ სულიერად ავადმყოფი მხატვრების კატეგორიას. ამის თაობაზე უამრავი ნამუშევარია დაწერილი, რომელთა ავტორები ფსიქიატრები და ფსიქოანალიტიკოსები, ხელოვნების ისტორიკოსები და კულტუროლოგები არიან.

 

 

2

 

 

მკვლევარები დიაგნოზების თაობაზე დავობენ, წარადგენენ ვარაუდებს, რომ ვან გოგს ბიოპოლარული აშლილობა, შიზოფრენია ან ეპილეფსია ჰქონდა, რასაც ალკოჰოლის მოხმარებაც ამწვავებდა. მაგრამ ყველა ეს დიაგნოზი მხოლოდ ინტერპრეტაციაა ტექსტების უნიკალური ანსამბლისა, რომლებიც თავად ვინსენტ ვან გოგმა დაწერა.

 

ცოტა მხატვარს თუ დაუტოვებია ჩვენთვის დაკვირვებები, დღიურები, წერილები, რომელთა მნიშვნელობას შეუსაბამება მათ შემოქმედებას.

 

3

 

მაგრამ ვან გოგის წერილები – წარმოუდგენელი დოკუმენტებია, რომლებიც ასობით გვერდზეა გადაჭიმული, ეს გახლავთ დიალოგი არამხოლოდ ადრესატებთან, არამედ, საკუთარ თავთან, ღმერთთან და სამყაროსთანაც.

 

4

 

ვან გოგს არ სჭირდებოდა შუამავლები და თარჯიმნები, ის თავად მოგვითხრობს თავისი ფსიქიკური აშლილობის გადატანის გამოცდილებაზე და მკითხველის წინაშე ძალიან მგრძნობიარე, მშრომელ და მოაზროვნე ადამიანად წარსდგება, რომელიც საშინელი დაავადების შეტევების შუალედებში მათზე ბევრად ჯანმრთელი იყო, ვინც მისი დიაგნოზების ინტერპრეტაციას ახდენს.

 

5

 

მხატვრის გულსაკლავი თხრობა 1889 წლის 2 იანვარს იწყება წერილით, რომელიც მან ფრანგული ქალაქი არლის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან ძმას, თეოს გაუგზავნა. ვან გოგი ამ საავადმყოფოში ყურის მოჭრის ყველასათვის ცნობილი შემთხვევის შემდეგ მოხვდა.

 

6

 

„ჩემს თაობაზე შენი ყველა განცდის გასაფანტად, გწერ შენთვის უკვე ცნობილი ექიმი რეის კაბინეტიდან, რომელიც აქაურ საავადმყოფოში პრაქტიკას გადის. აქ კიდევ 2-3 დღე დავრჩები, შემდეგ, ვიმედოვნებ, შინ მშვიდობით დავბრუნდები. ერთ რამეს გთხოვ – ნუ დარდობ, სხვაგვარად, ეს ჩემი ზედმეტი შფოთვის წყარო გახდება“.

 

7

 

სხვათა შორის, გაწეული დახმარებისთვის მადლიერების გამოსახატად, მხატვარმა ექიმი რეის პორტრეტი დახატა. თანამედროვეები ირწმუნებოდნენ, რომ პორტრეტი ძალიან ჰგავდა მოდელს, თუმცა, ფელიქს რეი ხელოვნების მიმართ გულგრილი იყო. ვან გოგის ნახატი სხვენში ეგდო, შემდეგ მისით საქათმის ხვრელს ფარავდნენ, და მხოლოდ 1900 წელს იპოვეს იგი ექიმის ეზოში. ნამუშევარი ცნობილმა რუსმა კოლექციონერმა, სერგეი შჩუკინმა შეიძინა და მის პირად კოლექციაში 1918 წლამდე ინახებოდა. ემიგრაციაში გამგზავრებისას, კოლექციონერს ნახატის სამშობლოში დატოვებამ მოუწია, ამგვარად მოხვდა ის პუშკინის სახელობის ნატიფი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.

 

8

 

პირველი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ვინსენტ ვან გოგი ძმას მისწერს: „მერწმუნე, საავამდყოფოში გატარებული რამდენიმე დღე ძალიან საინტერესო გამოდგა: ავადმყოფებისგან ცხოვრების სწავლა შეიძლება. ვიმედოვნებ, არაფერი განსაკუთრებული არ მომსვლია – უბრალოდ, ასე მოსდით მხატვრებს, ეს გონების დროებითი დაბინდვა იყო, რომელსაც მაღალი სიცხე და სისხლის დაკარგვა მოჰყვა, ვინაიდან არტერია გადაჭრილი იყო; მაგრამ მადა ნელ-ნელა მიბრუნდება, დაკარგული სისხლი მინაზღაურდება, გონება კი სულ უფრო მინათდება“.

 

9

 

1889 წლის 28 იანვარი, წერილი თეოს: „ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ, მხატვრები, სულიერად ჯანმრთელნი ვართ, განსაკუთრებით საკუთარ თავზე გეტყვი – მე სიგიჟით ვარ გაჟღენთილი თხემიდან ტერფამდე; მაგრამ ვამბობ და ვამტკიცებ, რომ ჩვენ ისეთ შხამსაწინააღმდეგო წამლებს ვფლობთ, თუ  კეთილ ნებას ოდნავ გამოვიჩენთ, ეს წამლები დაავადებაზე გაცილებით ძლიერი აღმოჩნდება“.

 

10

 

1889 წლის 3 თებერვალს ვინსენტ ვან გოგი ქალაქ არლის ჩვეულებრივ მოქალაქეებზე დაკვირვებას გვიზიარებს: „უნდა ითქვას, რომ მეზობლები კეთილგანწობილნი არიან ჩემდამი: აქ ყველას რაღაც აწუხებს: ზოგს ჰალუცინაციები, ზოგს – ციებ-ცხელება, ზოგს ფსიქიკური აშლილობა; ამიტომ, ყველას უსიტყვოდ ესმის ერთმანეთის, როგორც ოჯახის წევრებს… თუმცა, ვარაუდი, რომ მე სრულიად ჯანმრთელი ვარ, გაუმართლებელია. ადგილობრივებმა, რომლებსაც იგივე დაავადება აწუხებთ, სიმართლე მითხრეს: ავადმყოფმა, შესაძლოა, სიბერემდე იცოცხლოს, მაგრამ გონების დაბინდვის მომენტები ყოველთვის ექნება. ამიტომ, ნუ მარწმუნებ, რომ საერთოდ არ ვარ ავად, ან მეტჯერ ავად არ გავხდები“.

 

11

 

ძმისადმი 1889 წლის 19 მარტს მიწერილი წერილიდან ვიგებთ, რომ არლის მცხოვრებლებმა ქალაქის მერს მიმართეს განცხადებით იმის თაობაზე, რომ ვან გოგს არ აქვს უფლება იცხოვროს თავისუფლებაზე, რის მერეც პოლიციის კომისარმა მხატვრის ჰოსპიტალიზაციის განკარგულება გასცა. „სიტყვაზე, უკვე მრავალი დღეა, მარტო ვზივარ საკანში, თუმცა, ჩემი შეურაცხადობა დამტკიცებული არ არის და ვერც დამტკიცდება. რა თქმა უნდა, გულის სიღრმეში ასეთი მოპყრობით ნაწყენი ვარ; და რა თქმა უნდა, თავს უფლებას არ მივცემ, ხმამაღლა გამოვთქვა უკმაყოფილება; ასეთ შემთხვევებში თავის მართლება – დანაშაულის აღიარების ტოლფასია“.

 

12

 

21 აპრილს ვან გოგმა ძმას შეატყობინა, რომ საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ გადაწყვეტილი აქვს ქალაქ სენ-რემი-დე-პროვანსში ფსიქიკურად დაავადებულთა თავშესაფარში დაბინავდეს: „იმედია, საკმარისი იქნება, თუ ვიტყვი, რომ არ ძალმიძს ახალი სახელოსნოს პოვნა და იქ მარტო ცხოვრება… ქმედითუნარიანობა ნელ-ნელა მიბრუნდება, მაგრამ მეშინია, არ დავკარგო ის, თუ ზედმეტად დავიტვირთები და მარტოს მომიწევს სახელოსნოზე პასუხისმგებლობის აღება… მანუგეშებს ის გარემოება, რომ ახლა შეშლილობას ისეთივე დაავადებად აღვიქვამ, როგორც ნებისმიერ სხვას“.

 

13

 

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობა და შემდგომში თავშესაფარში მხატვრის ცხოვრება სრულად დააფინანსა მხატვრის ძმამ. გარდა ამისა, თეოდორი 10 წლის განმავლობაში უზრუნველჰყოფდა ვინსენტს საარსებო წყაროთი.

 

14

 

არლიდან სულიერად ავადმყოფთა თავშესაფარში გამგზავრებამდე ვან გოგმა ძმას შემდეგი შინაარსის წერილი მისწერა: „ საღად უნდა შევხედო ყველაფერს. უდავოდ, არსებობს უამრავი შეშლილი მხატვარი: თავად ცხოვრება აქცევს მათ ასეთ, რბილად რომ ვთქვათ, ცოტათი არანორმალურებად. კარგია, თუ კვლავ შევძლებ მუშაობას, მაგრამ შეშლილი უკვე სამუდამოდ დავრჩები“.

 

15

 

ვინსენტ ვან გოგმა სენ-რემი-დე-პროვანსის თავშესაფარში 1 წელი გაატარა, დირექტორმა მუშაობის ნება დართო და ცალკე ოთახის კი დაუთმო, სახელოსნოდ რომ გამოეყენებინა. მიუხედავად შეტევებისა, ვინსენტი განაგრძობდა ხატვას და ამაში ავადმყოფობასთან გამკლავების ერთადერთ საშუალებას ხედავდა: „ნახატებზე მუშაობა – ჩემი გამოჯანმრთელების აუცილებელი პირობაა: ძალიან რთულად გადავიტანე უკანასკნელი დღეები, როცა უსაქმურობა მიწევდა და ხატვისთვის განკუთვნილ ოთახშიც კი არ მიშვებდნენ…“

 

16

 

სენ-რემი-დე-პროვანსში მხატვარი პეიზაჟებს ქმნიდა, რომლებიც სახელოსნოს ფანჯრიდან და ბაღიდან იშლებოდა. და როცა მხატვარს ზედამხედველობის ქვეშ თავშესაფრის დატოვების უფლება მისცეს, მის ტილოებზე სენ-რემის შემოგარენის ხედებიც გაჩნდა.

 

17

 

მიუხედავად სამი უმძიმესი შეტევისა, რომლებმაც ვან გოგი მრავალი კვირის განმავლობაში მწყობრიდან გამოიყვანა, მან ამ წლის განმავლობაში 150 ნახატი შექმნა.

 

18

 

გულწრფელ აღტაცებას იწვევს ვინსენტ ვან გოგის მუშაობის დიდი წყურვილი, მიუხედავად ავადმყოფობისა, განეგრძო ხელოვნებით დაკავება და ხელი არ ჩაექნია: „ცხოვრება მიდის და მას უკან ვერ დააბრუნებ, მაგრამ სწორედ ამ მიზეზით ვმუშაობ თავდაუზოგავად: მუშაობის შესაძლებლობაც ყოველთვის როდი მეორდება. ჩემს შემთხვევაში, მით უმეტეს: ჩვეულზე უფრო ძლიერმა შეტევამ შეიძლება გამანადგუროს როგორც მხატვარი“.

 

19

 

უნდა აღინიშნოს, რომ ვან გოგი, ალბათ,  საქმით ერთადერთი დაკავებული ბინადარი იყო თავშესაფარში: „იოლია, მიჰყვე ამ დაწესებულებაში გამოყენებულ მკურნალობის მეთოდებს, რადგან აქ არავინ არაფერს აკეთებს. ავადმყოფები უსაქმურობაში ატარებენ დროს და თავს უგემური საჭმლით ინუგეშებენ“.

 

20

 

 

1890 წლის მაისში, თეომ ძმას შესთავაზა მასთან და მის ოჯახთან ახლოს გადმობარგებულიყო, რაზეც ვინსენტი დასთანხმდა. 3 დღე ძმასთან დაჰყო პარიზში, რის მერეც ოვერ-სიურ-უაზში (სოფელი პარიზის მახლობლად) გადავიდა. აქ ვინსენტი შეუსვენებლად მუშაობდა, ყოველდღე მხატვრის ფუნჯიდან ახალი ნახატი იქმნებოდა. ამგვარად, სიცოცხლის უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში ვან გოგმა 70 სურათი და 32 ნახატი შექმნა.

 

21

 

სოფელში მხატვარზე დაკვირვებას ექიმი გაშე აწარმოებდა, რომელიც გულის დაავადებების სპეციალისტი და ხელოვნების დიდი მოყვარული გახლდათ. ამის თაობაზე ვინსენტი წერს: „როგორც ვხვდები, ექიმის იმედი არ უნდა მქონდეს. ჯერ ერთი, მეჩვენება, რომ ჩემზე უფრო ავადაა, – ყოველ შემთხვევაში – არანაკლებ; ასეთი ამბებია. და თუკი ბრმას ბრმა მიჰყავს, ორივე ხომ ჩავარდება ორმოში?“

 

22

 

ჩავარდნენ… 1890 წლის 29 ივლისს ვინსენტ ვან გოგი გულში ტყვიას ისვრის, ის მის მიერ გამოძახებული ექიმი გოშეს თვალწინ მოკვდება. მხატვრის ჯიბეში უკანასკნელ წერილს იპოვიან, რომელიც თეო ვან გოგისთვის არის განკუთვნილი და რომელიც ასე მთავრდება: „საკუთარი სიცოცხლით გადავიხადე  საფასური ჩემი სამსახურისთვის, და ის ჩემი გონების ნახევარი დამიჯდა, ეს ასეა…“

 

 

23

 

უფროსი ძმის სიკვდილი კატასტროფად შემოუბრუნდა თეოდორ ვან გოგს: ძმის ნამუშევრების გამოფენის მოწყობის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, თეოს შეშლილობის ნიშნები აღმოაჩნდა, მისმა ცოლმა გადაწყვიტა ავადმყოფი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოეთავსებინა, სადაც ის 1891 წლის 21 იანვარს გარდაიცვალა.

 

24

 

ძმების ერთობლივმა სამუშაომ მათი გარდაცვალების შემდეგ მაღალი შეფასება ჰპოვა, და უდიდესი უსამართლობაა, რომ ვერცერთი მათგანი ვერ მოესწრო დღეს, როდესაც ვინსენტ ვან გოგს მსოფლიო აღიარება ეწვია.

 

25

 

 

კატეგორია: მოზაიკა
დამიტოვეთ კომენტარი