მარტინ სტრელი – “დიდი მდინარის კაცი” და პლანეტის საუკეთესო სპორტსმენი

1

სლოვენიელი მარტინ სტრელი – გრძელ დისტანციებზე მოცურავე პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია. მაგრამ მას ოლიმპიადებზე ვერ იხილავთ. მარტინი მსოფლიო რეკორდებს აუზებში არ ამყარებს.

 

სტრელმა პლანეტის ყველაზე გრძელი მდინარეები დაიპყრო: დუნაი (504 კმ 84 საათში გაცურა შეუსვენებლად), მისისიპი, პარანა, იანცზი და ამაზონი, ასევე ჰიბრალტარის ყურე. მარტინის ხუთი გაცურვა გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი.

 

ბევრი მას შეშლილად მიიჩნევს, და თავად მარტინიც  ეთანხმება ამას.  თუმცა, ურჩევნია მოკვდეს, ვიდრე დასახული მიზნის მიღწევაზე უარი თქვას. „როგორც წესი, წყალი ადამიანებს კლავს. მაგრამ არა მე. მე ყველას არ ვგავარ, რადგან უკვე შევისწავლე. ტკივილს აღარ ვგრძნობ“.

 

მას შეუძლია შეუჩერებლად 12 საათი იცუროს, მხოლოდ იმისთვის, რომ კალორიები შეივსოს. მარტინი ირწმუნება, რომ ცურვის დროს მედიტაციის მსგავს სრული კონცენტრირების მდგომარეობაში ვარდება და ტკივილის გრძნობა უქრება.

 

2

 

 

მარტინი ჩვეულებრივი სპორტსმენის მსგავსად არ გამოიყურება, მას მოხდენილს ვერ უწოდებ. უყვარს ჭამა და დღეში ბოთლ ღვინოსაც მიირთმევს. „იცით, რა განსხვავებაა ჩემსა და მაიკლ ფელპსს შორის? მას არ შეუძლია მარათონების გაცურვა. ჩემზე სწრაფია, მაგრამ ამაზონისთვის ვერ ივარგებს, რადგან ძალიან გამხდარია“, – ხუმრობს იგი.

 

საკუთარი სხეულით სრულიად კმაყოფილია: „ცურვისას საათში 600-700 კალორიას ვკარგავ. ჩემი ორგანიზმი „მერსედესივით“ მუშაობს“.

 

4

 

 

ერთ-ერთ ინტერვიუში მარტინი ჰყვება, რომ წყალი მისი მეგობარია ბავშვობიდან. როდესაც მამამისი თვრებოდა, ჯაჭვით ან ჯოხით დასდევდა, ბიჭუნას მდინარეში, წყლის ქვეშ უწევდა დამალვა. ამგვარად ისწავლა 6 წლის ასაკში ცურვა.

 

„როდესაც პატარა ვიყავი, წყალი კამკამა იყო, მასში თევზები და ცხრაფეხები ბინადრობდნენ. მაგრამ შემდეგ ახალი გზები გაიყვანეს, ახლა კი წყალმცენარეებიც კი არ ხარობს. გადავწყვიტე, ვცურო, რათა წყლის პრობლემისადმი ადამიანების ყურადღება მივაპყრო“. ასე დაიწყო მარტინმა ვარჯიში და გრძელ დისტანციაზე ცურვა.

 

ყოველი გაცურვისთვის საგულდაგულოდ ემზადება: იმ ქვეყნების კლიმატს, ტემპერატურას, წყლის მდგომარეობას ეცნობა, სადაც გაცურვას აპირებს, თვლის საჭირო კალორიების რაოდენობას, მაგრამ მისთვის მაინც განწყობა და ნათელი გონებაა უმთავრესი.

 

5

 

 

მარტინი – პირველი ადამიანია დედამიწაზე, რომელმაც 5 268 კილომეტრიანი ამაზონი გადალახა – 66 დღის განმავლობაში ყოველდღე 80 კილომეტრს მიცურავდა.

 

ამ მარათონის დროს მარტინს პირანიები დაესხნენ თავს. „ძალიან სწრაფად იკბინებიან. მთელი ზურგი დამიგლიჯეს, საშინლად მეწვოდა“. მაგრამ ამანაც კი არ შეუშალა ხელი და ცურვა განაგრძო. 2007 წლის ეს რეკორდი დღემდე ვერავინ გაიმეორა.

 

3

 

მისისიპიში ცურვისას მის მახლობლად მდგარ ბოძს მეხი ისე ძლიერ დაეცა, რომ მარტინი ჰაერში ავარდა და გონება დაკარგა. თანმდევმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ მარტინი დაიღუპა, მაგრამ ის მალევე გამოფხიზლდა… და ცურვა განაგრძო.

 

2009 წელს ფილმი სახელწოდებით „დიდი მდინარის კაცი“ გადაიღეს, სადაც აღწერილია, თუ როგორ დაიპყრო მარტინმა ამაზონი. თავად მოცურავე ბევრს მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და გარემოს დაცვის თაობაზე ლექციებს კითხულობს.

 

6

 

ამჟამად სტრელი 63 წლისაა და ოცნებობს პლანეტის ირგვლივ გაცურვაზე. „ჩემი გაცურვები მეგობრობას, მთელ მსოფლიოს და განსაკუთრებით წყლის სისუფთავეს ეძღვნება. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მაგრამ მე შემიძლია შევცვალო ეს სამყარო“.

კატეგორია: მოზაიკა
დამიტოვეთ კომენტარი