ფოტოკლასიკა: იუსუფ კარში

უინსტონ ჩერჩილი, 1941

“შენ ისიც კი შეგიძლია, რომ ფოტოს გადასაღებად მბრდღვინავი ლომი გააჩერო”, – სერ უინსტონ ჩერჩილმა ძალიან მოინდომა და, როგორც სჩვეოდა, საუკეთესოდ და ყველაზე ორიგინალურად შეაფასა იუსუფ კარშის ფოტოგრაფიული ნიჭი. კარშმა ბრიტანეთის პრემიერს, ბუნებრივია, დიდი მადლობა გადაუხადა. თუმცა, არა მხოლოდ ამ სიტყვებისთვის – ფაქტობრივად, ამ ფოტოგრაფს გლობალური აღიარება სწორედ უინსტონ ჩერჩილის ფოტო-პორტრეტმა მოუტანა.

.

ალბერტ ეინშტეინი, 1948

.

ფოტოგრაფის ობეიქტივმა მრავალი ცნობილი ადამიანი აღბეჭდა. მათ შორის, აშშ-ს 12 პრეზიდენტი, პოლიტიკოსები, მსახიობები და სხვა ცნობილი მოღვაწეები.

.

ნიკიტა ხრუშჩოვი, 1963

.

გასაოცარია, მაგრამ კარში ყოველთვის ზუსტად ახერხებდა ადამიანის ხასიათის დაჭერას. “როცა გსურს, ვინმეს სახასიათო, შემაჯამებელი პორტრეტი ამოარჩიო, ყოველთვის იუსუფ კარშის ნამუშევარს ირჩევ”, – აცხადებს ფოტოხელოვანის წარმომადგენელი როჯერ ელდრიჯი.

.

ბერნარდ შოუ, 1943

.

ელდრიჯთან ერთად ასე ფიქრობს მთელი ფოტოსამყაროც. ამ დასკვნამდე მსოფლიო მას შემდეგ მივიდა, რაც 1941 წელს იუსუფ კარშმა უინსტონ ჩერჩილის სახელგანთქმული ფოტო გადაიღო. კარშის ამ ნამუშევარმა პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა. ფირზე აღბეჭდილი პრემიერი სიმბოლურად ომში ჩაბმული ბრიტანეთის ძლიერებას და შემართებას გამოხატავდა.

.

ოდრი ჰეფბერნი, 1956

.

მრავალი წლის შემდეგ, 1989 წელს, ომის დროინდელი სიტუაციისა და ჩერჩილის ამბავი თავად კარშმაც ობიექტურად შეაფასა: ჩერჩილის გამომწვევმა გამოხედვამ “მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. ფოტომ ბრიტანეთის იმპერიის შემართება ბოლომდე გადმოსცა… ეს წინასწარ განუზრახველად, ჩაუფიქრებლად მოხდა, თუმცა, ჩერჩილისადმი დიდი პატივისცემითა და აღფრთოვანებით ვიყავი გამსჭვალული”, – განუცხადა კარშმა “ესოშიეითიდ პრესს”.

.

ერნესტ ჰემინგუეი, 1957

.

ჩერჩილის შემდეგ, ასე ვთქვათ, მეორე ფოტოჰიტი 1957 წელს შეიქმნა. ერნესტ ჰემინგუეის სახის გახსენებისას ბევრს სწორედ კარშის ის ფოტო წარმოუდგება თვალწინ, რომელზეც მწერალს ყელიანი სვიტერი აცვია. თითქოს, არაფერი, მაგრამ ჰემინგუეის ხასიათის ასე ცხადად გადმოცემა, ალბათ, სიტყვებით უფრო რთული იქნება. მალევე ეს ფოტო აშშ-ში საფოსტო მარკებისთვის შეარჩიეს. ცხადია, კარშისთვის ეს მორიგი აღაირება გახლდათ.

.

პაბლო პიკასო, 1954

.

როგორც ამბობენ, კარშს არასდროს ბეზრდებოდა ადამიანის სახეზე დაკვირვება. “პორტრეტის გადაღება ერთგვარი გამოწვევაა. სიძნელე, რომლის გადალახვა არასდროს მომბეზრდება. ყველა სახე სხვადასხვანაირია”, – ამბობდა თავადაც.

.

გრეის კელი, 1956

.

იუსუფ კარშის ნამუშევრები დღეს ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისა და ლონდონის პორტრეტის ნაციონალური გალერეის მუდმივ კოლექციებში შედის. ამ ფოტოებზე აღბეჭდილნი არიან ისტორიული პიროვნებები: ნიკიტა ხრუშჩოვი, ახალგაზრდა ფიდელ კასტრო, ალბერტ აინშტაინი, ოდრი ჰეფბერნი, ბრიჯიტ ბარდო და ჰემფრი ბოგარტი.

.

ჯონ კენედი, 1960

.

არადა, იყო დრო, როცა იუსუფ კარშს სურდა, ექიმი გამოსუილყო. ის თურქეთში, ქალაქ მარდინში, ქრისტიანი სომხების ოჯახში დაიბადა. მალევე, კარშები მარდინში ამტყდარი სისხლისღვრის გამო სირიაში გაიქცნენ. 16 წლის იუსუფი კი კანადაში, ბიძასთან, ჯორჯ ნაკაშთან გაგზავნეს. ნაკაში თავადაც ფოტოპორტრეტისტი იყო და, ფაქტობრივად, პატარა იუსუფის მომავალზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა. მან ოცი წლის კარში ბოსტონში, ასევე სახელგანთქმულ პორტრეტისტ ჯონ გაროსთან გაგზავნა სასწავლებლად.

.

ჟაკლინ კენედი, 1960

.

განათლებამიღებული კარში 1932 წელს ოტავაში დაბრუნდა და თავისი პირველი ფოტოსტუდია გახსნა. რიგით ოტაველ ფოტოგრაფად რომ არ დარჩენილიყო, მას ცხოვრებაში მეორედაც გაუმართლა – თითქმის უცნობი, მაგრამ ნიჭიერი ფოტოგრაფი კანადის პრემიერმა მაკენზი კინგმა შენიშნა და მას შანსი მისცა, კანადაში ოფიციალური ვიზიტით ჩასული ცნობილი პიროვნებების ფოტოები გადაეღო.

.

ენდი უორჰოლი, 1979

.

სწორედ აქედან დაიწყო სახეების ჯადოქრად შერაცხული პორტრეტისტის აღმასვლა. იუსუფ კარშს მას შემდეგ თითქმის არც ერთი სახასიათო ან უცნაური გამოხედვა არ გამოპარვია.

.

ჰამფრი ბოგარტი, 1946

შეიძლება ითქვას, რომ კარშის ობიექტივმა ადამიანებს კარგად მორგებული ნიღბები ჩამოხსნა და ისტორიას მათი ნამდვილი სახეები შემოუნახა. რა თქმა უნდა, ამაზე პორტრეტისტის ფოტომემკვიდრეობაც მეტყველებს.

.

დედა-ტერეზა, 1988

იუსუფ კარში 2002 წელს გარდაიცვალა. ბოლო ხანს, 93 წლის წარმოშობით თურქი ხელოვანი ამერიკაში, ბოსტონის კლინიკაში იმყოფებოდა. მას ოპერაციის შემდგომ დარჩენილი ჭრილობა გაუმიზეზდა.

.

ტექსტი: თამარ ბაბუაძე

ტეგები:

მკითხველის კომენტარი
  1. ნიკა says:

    ძალიან მაგარი ფოტოებია.

  2. მანანა says:

    გენიოსები ყველა სფეროში მოღვაწეობენ! დიდი მადლობა იმ სიამოვნებისთვის, რაც ამ ფოტოების დათვალიერებისას მივიღე!!!

  3. საბა says:

    ბოლო ხანს, 93 წლის წარმოშობით თურქი ხელოვანი ამერიკაში (აქ მგონი შეცდომა გაგეპარათ 🙂

  4. საბა says:

    თუ ქრისტიანი სომხების ოჯახში დაიბადა წარმოშობით თურქი როგორ შეიძლება ადამიანი იყოს? არა?

  5. თამარ ფულარია says:

    დუდანა მოკლედ შენ განმანათლე ფოტოხელოვნებაში, მართლა შესაბრალი ვიქნებოდი ამდენი რამე რომ არ გამეგო. მადლობააა!

დამიტოვეთ კომენტარი