სიკვდილით დასჯა საიგონში

1968 წლის თებერვალში, საიგონში გაჩაღდა სამოქალაქო ბრძოლები სახელწოდებით “ტეტ”. სახალხო ამბოხს ვიეტნამელი პარტიზანების მსხვერპლი მოჰყვა. “ასოშიეიტედ პრესის”  ფოტოკორესპონდენტი ედი ადამსი და NBC-ს ოპერატორი ვო სუ “ოპერაცია ტეტის” მსვლელობას იღებდნენ.
სამხრეთ ვიეტნამის მარიონეტული რეჟიმის მებრძოლებმა ერთ-ერთი პარტიზანი დაიჭირეს. როცა პოლიციის შეფმა, გენერალმა ნგუენ ნგოკ ლოანმა ფოტოკორესპონდენტები შენიშნა, მაშინვე ტყვეს თავზე რევოლვერი მიადო და ჩახმახს გამოჰკრა.
ედი ადამსისა და ვო სუს მიერ გადაღებულმა ფოტომ –  “სიკვდილით დასჯა საიგონში”, მსოფლიო შეაძრწუნა. ვიეტნამის ომისადმი რადიკალურად განწყობილმა ამერიკელმა სტუდენტებმა, პროტესტის ნიშნად, ფოტოს გავრცელება დაიწყეს და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაშიც გადაგზავნეს, რათა მსოფლიოს დაეგმო ეს საზარელი ომი.

.

.

მსოფლიო პრესამ ცოტა ხანში მკვლელის ბიოგრაფია გამოაქვეყნა. მას, იმ დროისთვის, სამხრეთ ვიეტნამის პრემიერ-მინისტრ კის წყალობით პოლიციის უფროსის თანამდებობა ეკავა. აშშ-ის პროპაგანდისტული მანქანა მკვლელის გამართლებას ცდილობდა, – დახვრეტამდე ცოტა ხნით ადრე, ვიეტნამელმა პარტიზანმა ლოანს ცოლ-შვილი დაუხოცაო… თუმცა, მსოფლიო მხოლოდ ფოტოკამერით აღბეჭდილ საზარელი მკვლელობის ფაქტს ხედავდა…

.

.
ავსტრალიელმა ექიმებმა მკურნალობაზე სასტიკი უარი განუცხადეს ბრძოლაში დაჭრილ გენერალს, როცა სიდნეიში შეეცადა თავშესაფრის პოვნას. აშშ-ში გაქცევის შემდეგ ვირჯინიის შტატში პიცერია გახსნა, მაგრამ იქაც არ მოასვენეს. საიგონში ჩადენილი დანაშაულის კვალი ფეხდაფეხ დაჰყვებოდა მკვლელს. პიცერიის კედლები აჭრელებული იყო წარწერებით: “ჩვენ ვიცით, ვინც ბრძანდებით”. ლოანი იძულებული გახდა პიცერია დაეხურა. საზოგადოებრივი ორგანიზაციები ჯალათი გენერლის გაძევებას ან დაპატიმრებას ითხოვდნენ.
ლოანი 1998 წელს სიმსივნით გარდაიცვალა. “გენერალმა ვიეტნამელი მოკლა, მე კი გენერალი მოვკალი ჩემი ფოტოაპარატით”, – წერდა ჟურნალ “თაიმსში” ფოტოკორესპონდენტი ედი ადამსი, რომელმაც მსოფლიოსთვის ამ ცნობილი ფოტოს გამო მიღებულ პულიტცერის პრემიაზე უარი განაცხადა.

დამიტოვეთ კომენტარი