კუნძულ სკორპიოსის წყევლა


საბერძნეთის დასავლეთ სანაპიროზე, იონიის ზღვაში, ქალაქ ნიდრის მახლობლად მდებარეობს ულამაზესი კუნძული სკორპიოსი. ტყეებით დაფარულ კუნძულზე სამი ფეშენებელური ვილა დგას, აქვეა ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი და იახტების ნავსაყუდელი. ტყეში საოცარი იშვიათი მცენარეები ხარობს, მათთან მისასვლელად სასეირნო ბილიკებია დაგებული.
.

ბერძენმა მაგნატმა, არისტოტელე ონასისმა ”იონიის ზღვის მარგალიტი” 1963 წელს 3,5 მილიონ დრაჰმად შეიძინა, რაც იმ დროის კურსით 10 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენდა. სწორედ ამ კუნძულზე გაიმართა 1968 წელს ონასისისა და აშშ-ის პრეზიდენტის ქვრივის, ჟაკლინ კენედის ქორწილი.
.

სკორპიოსზე დაკრძალულია არისტოტელეს საყვარელი ვაჟი – ალექსანდროსი, რომელიც 25 წლის ასაკში უცნაური ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 1973 წელს: ალექსანდროსი გამოცდილი პილოტი გახლდათ, თვითმფრინავი კი შესანიშნავ მდგომარეობაში იყო.
.

1988 წელს ონასისის 38 წლის ქალიშვილი კრისტინა გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა: იგი ბუენოს-აირესში სასტუმროს ნომრის სააბაზანოში ნარკოტიკებით გაჭყეპილი იპოვეს. თავად არისტოტელე, ჟაკლინისგან მიტოვებული, 69 წლის ასაკში 1975 წელს სიმარტოვეში გარდაიცვალა.
.

სკორპიოსის ისტორია კიდევ ერთ ადამიანს უკავშირდება, რომელსაც ონასისების გვარის წყევლა შეეხო: ეს გახლავთ საოპერო დივა მარია კალასი, რომელმაც ონასისის ღალატი ვერ გადაიტანა და 1977 წელს დარდისგან გარდაიცვალა.
.

1968 წელს არისტოტელე ონასისმა ჟაკლინ კენედიზე იქორწინა.

ონასისისთვის ეს ქორწინება თავისი უსაზღვრო ძალაუფლების დემონსტრირება და ამერიკელებზე ერთგვარი შურისძიება გახლდათ, რომლებიც მას ვერ იტანდნენ. ჟაკლინს აღმერთებდნენ, მას კვირაში 2000 წერილს უგზავნიდნენ და ამერიკის ფოსტამ ნება დართო ქალს, უფასოდ გაეგზავნა საპასუხო წერილები. სწორედ ამიტომ, ცნობას იმის შესახებ, რომ 39 წლის ქვრივი 62 წლის ბერძენს, ამერიკელების თვალში თითქმის მაფიოზის მიჰყვება ცოლად, ოკეანის მიღმა აფეთქებული ბომბის ეფექტი ჰქონდა.
.

როდესაც ჟაკლინი საბერძნეთში გაემგზავრა, მას ლამის მთელი ამერიკა უსტვენდა. მეტიც, არისტოტელემ ისეთი რამ მოიმოქმედა, რათა იგი ხალხს კიდევ უფრო შესძულებოდა: როდესაც ”ოლიმპიური ავიახაზების” თვითმფრინავი ნიუ იორკის JFK აეროპორტიდან ასაფრენად მზად იყო, სტიუარდესებმა მგზავრებს გამოუცხადეს, რომ რეისი… გადადებულია. ამას ახსნა-განმარტება არ მოჰყოლია, მაგრამ ტრაპიდან ჩამოსულმა მგზავრებმა დაინახეს, თუ როგორ მიუახლოვდა თვითმფრინავს ლიმუზინები, საიდანაც ჟაკლინი, მისი შვილები, მშობლები და დანარჩენი ახლობლები გადმოვიდნენ. არავის სჯეროდა ჟაკლინისა და ონასისის იდილიის: ასაკში, ცხოვრების წესსა და აღზრდაში მათ შორის უდიდესი სხვაობა იყო…
ჟაკლინ კენედისა და არისტოტელ ონასისის ქორწილს ”საუკუნის ქორწილი” უწოდეს. სკორპიოსზე მხოლოდ 48 ადამიანი იყო მიწვეული, მათ შორის 8 ჟურნალისტი, რომელთაც გადაღების ნება დართეს: ონასისს არაფრის ეშინოდა, მითუმეტეს, მას არ ადარდებდა, რომ პატარძალი დაბალქუსლიან ფეხსაცმელზეც კი მასზე გაცილებით მაღალი იყო.
.

იპოვა კი არისტოტელემ თავისი ბედნიერება? საეჭვოა: ჟაკლინთან ქორწინების ერთი თვის თავზე იგი კვლავ მარია კალასთან ვახშმობდა პარიზულ რესტორანში. ჟაკლინი დროთა განმავლობაში ამერიკაში დაბრუნდა: ვაჟის დაღუპვის შემდეგ ონასისი მეუღლის არსებობას ვერც კი ამჩნევდა.
.

ონასისის სიკვდილის შემდეგ ჟაკლინს 26 მილიონი დოლარი ერგო მემკვიდრეობით, თუმცა ამისთვის მას სიცოცხლის ბოლომდე ონასისის გვარის ტარებამ მოუწია, როგორც ეს ეშმაკი ბერძნის ანდერძში იყო ჩაწერილი.
.

როდესაც სკორპიოსის დიასახლისი გახდა, ჟაკლინმა კუნძულზე მარია კალასის არსებობის ყველა კვალი გააქრო, გადაყარა ძველი ავეჯი. ზუსტად ამგვარად მოიქცა არისტოტელე ონასისის ქალიშვილი კრისტინა მამის სიკვდილის შემდეგ – სკორპიოსზე ამერიკელი დედინაცვალის ყოფნის ყველა კვალი გააქრო. რამდენიმე წლის განმავლობაში კუნძული უამრავი ცნობილი ადამიანს მაგნიტივით იზიდავდა. 1975 წელს ონასისი გარდაიცვალა და სკორპიოსმაც პრესისა და საზოგაოების ინტერესი დაკარგა. ონასისი კუნძულზე, შვილების გვერდით დაკრძალეს.
.

ათენა ონასისი, მაგნატის შვილიშვილი, სკორპიოსზე პირველად 13 წლის ასაკში მოხვდა, როდესაც ის მამამ, ფრანგმა ტიერი რუსელმა დედის საფლავზე მიიყვანა. მას შემდეგ ათენა კუნძულს მხოლოდ 3-ჯერ სტუმრობდა.
.

ათენა ონასის რუსელი საფრანგეთში დაიბადა, განათლება შვეიცარიაში მიიღო, მოგვიანებით კი გათხოვდა და ბრაზილიაში გადავიდა საცხოვრებლად.
.

საბერძნეთში აქტივების გარდა, მას მამისგან – ფარმაცევტული იმპერიის მემკვიდრისგან ერგო წილად კაპიტალი.
.

ონასისის ანდერძის თანახმად, სკორპიოსი ეკუთვნის ოჯახს მანამდე, სანამ მას კუნძულის რჩენა შეეძლება, ამისათვის წელიწადში 1,5 მილიონი ევრო იხარჯება.
.

თუ ონასისებს ფული გამოელევათ, ონასისმა დაიბარა, რომ კუნძული არ გაიყიდოს, არამედ, გადაეცეს საბერძნეთის მთავრობას ან ავიაკომპანიას Olympic Airways. მიუხედავად ამისა, 2013 წელს ათენა ონასისმა კუნძული რუს მილიარდერს, დიმიტრი რიბოლოვლევს 126 მილიონ დოლარად მიჰყიდა.
.


კუნძულის ოლიგარქის ოჯახში ფაქტიურ მფლობელობაში გადასვლამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საბერძნეთში. საპასუხოდ, რიბოლოვლევის წარმომადგენელმა განაცხადა: ”კომპანიამ, რომელიც ეკატერინა რიბოლოვლევას (დიმიტრი რიბოლოვლევის ქალიშვილი) ინტერესებში მოქმედებს, შეიძინა კომპანიათა ჯგუფი, რომელიც ათენა ონასისს ეკუთვნოდა”, ამით დააზუსტა, რომ აქტივებს შორის არის კუნძულები სკორპიოსი და სპარტი. 2013 წლის აპრილში თრასთში შემავალმა კომპანიამ, რომელიც ეკატერინა რიბოლოვლევას ინტერესებს იცავს, დადო ხელშეკრულება საბერძნეთის დასავლეთ სანაპიროს კუნძულების 99-წლიან იჯარაზე, რომელთა შორის უმსხვილესი – სკორპიოსი გახლავთ.
.

ათენა ონასისი კუნძულისადმი და საბერძნეთში ცხოვრებისადმი გულგრილი იყო, ამიტომაც სკორპიოსს სინანულის გარეშე დაემშვიდობა.
.

ადგილობრივი თემის წარმომადგენლები თბილად მოიხსენიებენ არისტოტელე ონასისს. ”ჩვენ დიდი ხანია ვცხოვრობთ ლეგენდასთან, სახელად ონასისი, და ის არასოდეს ჩაქრება. არისტოტელე მეგობრობდა მოსახლეობასთან – მეთევზეებთან და ხალხთან, რომლებიც მის მახლობლად ცხოვრობდა. ის მხოლოდ მდიდარი ადამიანი არ იყო, ონასისი აქ ყველას ძალიან უყვარდა” – განაცხადა მეზობელი კუნძულის მერიის წარმომადგენელმა.
.

.

.

კატეგორია: მოზაიკა
დამიტოვეთ კომენტარი