ინდოელ „მიუკარებელს“ არისტოკრატი შეუყვარდა და მთელ სამყაროს დაუმტკიცა, რომ შეზღუდვები მხოლოდ ჩვენს თავშია

1

 

ბევრი ჩვენგანი, სიყვარულის სულისშემძვრელი ისტორიის მოსმენისას იტყვის, რომ “ასე მხოლოდ ფილმებში ხდება”, რომ ცხოვრებაში რომანტიკას სასტიკი რეალობა ახშობს. ამ სტატიის გმირები ამტკიცებენ, რომ სიყვარულის სახელით ჩადენილ ლამაზ და ცოტათი გიჟურ საქციელს ნამდვილად აქვს ადგილი ჩვენს სამყაროში.

 

ეს ისტორია მოგითხრობთ უსაზღვრო და ამოუწურავი სიყვარულის შესახებ, რომელიც უკვე 40 წელზე მეტია, გრძელდება.

 

 

როგორ დაიწყო ყველაფერი

 

 

პრადიუმნა კუმარ მაჰანანდიასა და შარლოტა ფონ შედვინის სიყვარულის ისტორია ჯერ კიდევ მათ შეხვედრამდე დაიწყო. ინდოეთში, ბავშვის დაბადებისთანავე ასტროლოგს მიმართავენ. წინასწარმეტყველების თანახმად, პრადიუმნა, ტრადიციების მიუხედავად, შორეულ ქვეყანაში მცხოვრებ არისტოკრატ ქალზე უნდა დაქორწინებულიყო, რომელიც ჰოროსკოპით კურო იქნებოდა, ფლეიტაზე უკრავდა და ტყეებს ფლობდა.

 

შეხვედრა

 

2

 

პრადიუმნას ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა: ის „მიუკარებლებს“ მიეკუთვნებოდა – ინდური საზოგადოების ყველაზე დაბალ კასტას. „მოხეტიალე ძაღლებსა და პირუტყვზე უარესად მექცეოდნენ, – ამბობს პრადიუმნა. – როდესაც ტაძართან გავდიოდი, ხალხი ქვებს მესროდა“.

 

ახალგაზრდობაში, პრადიუმნა დელის ქუჩებში პორტრეტებს ხატავდა, სადაც ერთხელაც შვედ ტურისტს, შარლოტა ფონ შედვინს შეხვდა. მას წინასწარმეტყველება გაახსენდა და სანამ პორტრეტს ხატავდა, კითხვებს უსვამდა: საიდან არის წარმოშობით? შვედეთი, შორეული ქვეყანა. ვინ არის ჰოროსკოპით? კურო. უკრავს თუ არა ფლეიტაზე? ფლეიტაზე და ფორტეპიანოზე. აღმოჩნდა, რომ მიხ ოჯახს ტყეებიც ეკუთვნის. წინასწარმეტყველების ეს ნაწილიც სიმართლე აღმოჩნდა. „ყველაფერი ემთხვევა, – უთხრა პრადიუმნამ, – შენ ჩემი ცოლი უნდა გახდე“.

 

ასედაიწყო მათი ურთიერთობა, ცოტა ხანში კი წყვილმა პრადიუმნას სოფელში ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით იქორწინა.

 

განშორება

 

3

 

ეს ისტორია ასეთი ლამაზი ვერ იქნებოდა განშორების გარეშე: შარლოტა შინ უნდა დაბრუნებულიყო. პრადიუმნამ პირობა მისცა, რომ პირველი შესაძლებლობისთანავე მასთან ჩავიდოდა.

 

ცოლ-ქმარმა ერთმანეთის გარეშე 16 თვე იცხოვრა, ერთმანეთს წერილებს წერდნენ. პრადიუმნა მიხვდა, რომ საყვარელი ადამიანის გარეშე მეტს ვერ გაძლებდა. მთელი თავისი ქონება გაყიდა, მაგრამ ეს ბილეთის შესაძენად საკმარისი არ აღმოჩნდა. მაშინ მხატვარმა ძველი ველოსიპედი იყიდა 60 რუპიად, დაემშვიდობა ოჯახს და გაემგზავრა ჯიბეში 200 რუპიით.

 

გზა

 

 

4

მოგზაურობა სიყვარულის სახელით 1977 წლის 22 იანვარს დაიწყო. წინ 5-თვიანი გზა იყო. პრადიუმნა დღეში დაახლოებით 70 კილომეტრს გადიოდა. „ძალიან დავიღალე, ფეხები მტკიოდა, მაგრამ სტიმულს მაძლევდა აზრი, რომ მალე საყვარელ ქალს უნდა შევხვედროდი“. „ხელოვნებამ მიხსნა: გზად ადამიანების პორტრეტებს ვხატავდი, ზოგი ფულს ან საჭმელს, ზოგი კი ღამის გასათევს“.

 

 5

 

 

იმ დროს ქვეყნების უმეტესობისთვის ვიზა საჭირო არ იყო, რაც საგრძნობლად აადვილებდა გადაადგილებას, თუმცა, შვედეთში შესვლისას საიმიგრაციო სამსახურმა პრადიუმნა ქვეყანაში არ შეუშვა, სანამ შარლოტასთან არ დარეკეს.

 

 

პრადიუმნას ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა მსგავსი მოგზაურობა დღეს, როდესაც ადამიანები ღარიბი ქვეყნებიდან მიგრირებენ, რაზეც მან უპასუხა: „დიახ. მთავარია, სურვილი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აზროვნებთ. უდავოდ, დღეს ეს გაცილებით რთულია, მაგრამ შესაძლებელი. შიში და ეჭვი – ჩვენი უმთავრესი მტრებია. სწორედ ეს ართულებს ცხოვრებას“.

 

გაერთიანება

 

6

1977 წლის 28 მაისს პრადიუმნამ ბუროსში ჩააღწია და თითქმის 2-წლიანი განშორების შემდეგ შარლოტას შეხვდა.

 

„ვერ ვლაპარაკობდით. უბრალოდ, ერთმანეთს ჩავეხუტეთ და ბედნიერებისგან ვტიროდით“.

 

ქალიშვილის ბედნიერების გამო მშობლებმა წესები დაივიწყეს, რომლების მიხედვითაც დიდგვაროვანი ოჯახის წარმომადგენელი შავკანიანთან ვერ იცხოვრებდა. წყვილი 1979 წელს კვლავ დაქორწინდა, მაგრამ ახლა უკვე შვედური კანონებით.

 

40 წლის შემდეგ

 

7

 

წყვილის გაერთიანების შემდეგ 40 წელზე მეტი გავიდა. მიუხედავად ამისა, პრადიუმნა აღიარებს, რომ დღემდე ვერ დაუჯერებია ამ ბედნიერების. პრადიუმნას ეჭვი ეპარება, რომ შეძლებდა შარლოტას გულის მოგებას ჩვენს დღეებში, როდესაც ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ერთმანეთს ინტერნეტით უკავშირდებიან. მაგრამ მიუხედავად ლამაზი წინასწარმეტყველებისა, პრადიუმნას ეჭვი ერთ რამეში არ ეპარება: „ბედისწერა გახლავთ ის, რასაც თქვენ თავადვე ქმნით“.

 

8

როდესაც უსასრულო სიყვარულის საიდუმლოზე ეკითხებიან, წყვილი პასუხობს, რომ არავითარი საიდუმლო არ არსებობს. მთავარია, იყოთ ნამდვილად გულწრფელი, ერთმანეთის გესმოდეთ და პატივი სცეთ.

 

ეს ზღაპრის მსგავსი ისტორია ამტკიცებს, რომ საოცრებებს თავად ადამიანები სჩადიან. თუ ადამიანს მიზანი აქვს, არავითარი დაბრკოლება – უფულობა, შორი მანძილი ან საზოგადოებრივი აზრი – ხელს ვერ შეუშლის, გადაუხვიოს დასახულ გზას. განსაკუთრებით, თუ ეს მიზანი სიყვარულია, რომლის გარეშეც ცხოვრება აზრს კარგავს და ბევრად უფრო რთულდება, ვიდრე სტატიის გმირის მოგზაურობა.

 

კატეგორია: მოზაიკა
დამიტოვეთ კომენტარი