ნორვეგია ნავთობის გაყიდვის მოგებიდან მიღებულ თანხას საკუთარ მოქალაქეებს ურიცხავს

norvegia

ნორვეგია – ქვეყანა, სადაც დაცვის თანხლებით არავინ დადის, სადაც არ არის კორუფცია, სადაც ბერგენში, სამეფო სასახლეში ღამის ოპერებს დგამენ, ზაფხულობით კი ქუჩებში სპექტაკლებს, მეფე, რომელიც თავად ნიშნავს და ხსნის თანამდებობიდან მინისტრებს (მთავრობაში 7 მინისტრი და ერთი პრემიერ-მინისტრია), სადაც სამეფო სასახლის პარკი ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის…

 

 

 

 

ХХ საუკუნის დასაწყისში ნორვეგია ”თევზმჭერთა პროვინციას” წარმოადგენდა განვითარებული გემთმშენებლობით. 1969 წლის დეკემბერში ნავთობის პირველი საბადოს ”ეკოფიქსი” გახსნამ სიტუაცია სრულებით შეცვალა.

ნავთობი, ისევე როგორც ქვეყნის სხვა ბუნებრივი რესურსი, ხალხის მემკვიდრეობად არის გამოცხადებული. ნავთობისგან მიღებული შემოსავალი სოციალურ პროგრამებში და საყოველთაო კეთილდღეობის ფონდში მიდის. ნორვეგია თანდათან ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყნად იქცა, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 40 ათას დოლარს აღწევს. 30 წლის განმავლობაში ქვეყნის შემოსავალმა 454,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. თითოეული ნორვეგიელის პირად ანგარიშზე ნავთობის გაყიდვის მოგებიდან თანხა ირიცხება, დღესდღეობით ეს თანხა 100 ათას დოლარზე მეტს შეადგენს თითო მოსახლეზე. ბავშვის დაბადებისთანავე იხსნება ანგარიში მის სახელზე და 3 ათასი დოლარი ირიცხება.

 

სამედიცინო დაწესებულებები უმეტესად სახელმწიფო ან მუნიციპალურია, სახელმწიფო სუბსიდიები კი სამედიცინო მომსახურების მაღალ დონეს უზრუნველყოფს (ოპერაციები, საავადმყოფოში მკურნალობა უფასოა). ქვეყანაში არ არის გამორჩეული და პრივილეგირებული საავადმყოფოები – თუკი გუშინ საავადმყოფოს პალატაში მეფე ჰარალდ V იწვა, დღეს იქ უბრალო მუშა წევს. ქვეყანაში უფროსი თაობის მედმომსახურების უმძლავრესი სოციალური სტრუქტურა მოქმედებს (მომვლელები, მედიკოსები, მოხუცთა თავშესაფარი). მოხუცთა თავშესაფრები ერთ ადამიანზე ერთოთახიან ბინას ან კოტეჯს წარმოადგენს, თითოეულ პაციენტს ღილაკიანი ქამარი უკეთია, საჭიროების შემთხვევაში, 24 საათის განმავლობაში, პაციენტი დააჭერს ღილაკს და მედდა უმალვე გაჩნდება.

 

უფასო განათლება

 

ნორვეგია მსოფლიოში ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს მოსწავლეებზე. სასკოლო სისტემა მოქმედებს მშობლების აქტიური მონაწილეობით: სკოლები ურჩევენ, მშობლები კი გადაწყვეტილებებს იღებენ, რომელი შემოთავაზებაა მათი შვილებისთვის საუკეთესო (პირველ კლასში 7 წლის ასაკში მიდიან, სწავლის პერიოდი – 9 წელი, მომდევნო განათლება ნებაყოფლობითია 16-დან 19 წლამდე), სკოლებში ინფორმატიკა და ინგლისური ენა გაძლიერებულად ისწავლება, ფორმირდება ჰუმანური მსოფლმხედველობა, ტოლერანტობა, ბუნების სიყვარული, შრომისმოყვარეობა.

 

სოფლის მეურნეობა

 

განვითარებულია უმაღლეს დონეზე და ორიენტირებულია ქვეყნის შიდა მოთხოვნილებების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფაზე საოჯახო ფერმების ხარჯზე. ფერმების ძირითადი საქმიანობა მეცხოველეობაა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას ხორცითა და რძის პროდუქტებით საკმარისად ამარაგებს. ხილ-ბოსტნეულით კი დასავლეთ ევროპასაც ამარაგებენ, ამასთან, 200 000 ფერმერული მეურნეობა მიწის მხოლოდ 3%-ს ამუშავებს.

 

ნორვეგიის გლობალური საპენსიო ფონდი (თავად ნორვეგიელები მას ნავთობის ფონდს უწოდებენ) – თანამედროვე ეკონომიკის უნიკალური მოვლენაა. ფონდი დაახლოებით 25 წლის წინ შეიქმნა და მისი მიზანია, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტის დამატებითი შემოსავალი არა მხოლოდ ქვეყნის ამჟამინდელ მცხოვრებლებს, არამედ მომავალ თაობებსაც დარჩეს.

 

მსოფლიოს ყველაზე დემოკრატიულმა მონარქიამ კანონის უზენაესობა ყველაფერზე წინ დააყენა, რელიგიასა და ტრადიციებზე წინ. ქვეყნის პირველი კანონმორჩილი მოქალაქე კი თავად მეფეა.

წესრიგი და ორგანიზებულობა ნორვეგიელთა ცხოვრების სტილია. ყველაფერი ზედმიწევნით მუშაობს: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სასწრაფო დახმარება, წარმოება, სერვისი. აქ არ არიან ოლიგარქები, რომლებიც ძვირადღირებულ სასახლეებსა და იახტებს ყიდულობენ – თვითკმარ ნორვეგიელებს ეს არ სჭირდებათ, ისინი არავის ეჯიბრებიან. ზედიზედ 4 წლის განმავლობაში გაერო ნორვეგიას პირველ ადგილზე აყენებს ”ადამიანური განვითარებით”. სამუშაო დღე 7,5 საათს გრძელდება, ადვოკატი წელიწადში 400 000 კრონს იღებს, დამლაგებელი – 220 000 ათასს.

 

საბინაო მშენებლობაზე სახელმწიფო მკაცრ კონტროლს აწესებს. კრედიტებს სახელმწიფო საბინაო ბანკი გასცემს, სახლებს კი საკუთრების კოოპერატიული ფორმის მქონე კომპანიები აშენებენ. განსაკუთრებული კლიმატისა და რელიეფის გამო მშენებლობა ძვირია. ამის მიუხედავად, ერთ სულ მოსახლეზე საკმაოდ დიდი კვ.მეტრის საცხოვრებელი ფართი მოდის, მაგალითად 103,5 კვ.მ. 4-ოთახიან ბინაში 3 ადამიანი ცხოვრობს. 3-ოთახიანი ბინის ფასი 50-300 ათას დოლარს შეადგენს.

როგორც წესი, ოჯახში მხოლოდ ერთი მეუღლე მუშაობს, მეორე ოჯახით, შვილების აღზრდითა და სულიერი საზრდოს ძიებით არის დაკავებული. დროდადრო მეუღლეები როლებს ცვლიან.

თითოეული ნორვეგიელი, დიასახლისების ჩათვლით, 65 წლის მიღწევისას ძირითად პენსიას იღებს. დამატებითი პენსია შემოსავალზე და სამუშაო სტაჟზეა დამოკიდებული. ნორვეგიელების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 79-81 წელია. ოჯახი 17 წელს ქვემოთ ყოველ ბავშვზე ყოველწლიურად 1620 დოლარიან დახმარებას იღებს. ყოველი 10 წლის განმავლობაში დასაქმებულს უფლება აქვს 1 წლიანი შვებულება აიღოს სასწავლებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. სამუშაო ადგილი, რა თქმა უნდა, შეუნარჩუნდება და ხელფასსაც ჩვეულებისამებრ მიიღებს.

 

ნორვეგიაში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია – 1% და ყველაზე მაღალი სოციალური დახმარება 800-დან 1500 ევრომდე (უმუშევრების კომუნალური და ტრანსპორტით მგავრობის სრული ანაზღაურებით).

თუმცა, ამით სარგებლობენ ნორვეგიაში სამუშაოდ ჩასულები, რომლებიც მუშაობას თავს ანებებენ და მხოლოდ სოციალური დახმარების მიღებით ცხოვრობენ – მთელი დღე სვამენ, წუწუნებენ მოწყენილობაზე, სამშაბათობით პროდუქტების (უმაღლესი კლასის ყავა, ხორცი, თევზი, ნამცხვარი, ხილ-ბოსტნეული) რიგში დგებიან. ამასთან, მაღაზიები დაკეტვამდე ვიტრინებიდან ხსნიან ყველა პროდუქტს, ახვევენ პარკებში და ალაგებენ სანაგვე ურნაში, უმუშევრები ამითაც სარგებლობენ…

 

ნორვეგიელები სათუთად უფრთხილდებიან ბუნების წიაღისეულს, ზრუნავენ წყლისა და ჰაერის სისუფთავეზე. ქვეყანა უზარმაზარ თანხებს უხდის რუსეთს ძველი ჩაძირული წყვალქვეშა ხომალდების ამოყვანისთვის და შემდგომ მიწაში ჩაფვლისთვის, ასევე კოლის ნახევარკუნძულზე ბირთვული ნარჩენების შენახვისთვის.

ე.წ. ნავთობის ფონდიდან ინვესტიციებზე მკაცრი კონტროლი და წესებია: აკრძალულია მომავალი თაობისთვის განკუთვნილი ფულის ინვესტიცია კომპანიებში, რომლებიც ბირთვულ იარაღსა და სიგარეტს აწარმოებენ. მაღალჩინოსნებს ეკრძალებათ ჩაერიონ ფონდში ბიუჯეტის დასაფინანსებლად, მათ წელიწადში მხოლოდ 4%-ის აღება შეუძლიათ და ამ უფლებითაც ბოლომდე არ სარგებლობენ. საერთო ჯამში კი, მიუხედავად ნავთობზე დაბალი ფასისა, ფონდის რესურსები მუდმივად ივსება.

კატეგორია: მოზაიკა
დამიტოვეთ კომენტარი