ფარაჰ ფეჰლევი – ირანის უკანასკნელი დედოფლის ისტორია


ყველასათვის კარგად ნაცნობია დედოფალი რანიასა და გრეის კელის, პრინცესა ლეტიციასა და დიანას ისტორიები. მაგრამ დღეს ფარაჰ ფეჰლევის, ირანის დედოფლის, თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ქალის შესახებ მოგითხრობთ. 1959 წელს ირანის შაჰთან მისი ქორწინება მსოფლიო პრესის მთავარ თემად იქცა. ქორწილიდან 20 წლის შემდეგ სამეფო ოჯახის იძულებითმა ემიგრაციამ ახლო აღმოსავლეთის ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალა…

.

წარმოშობით აზერბაიჯანელი ფარაჰ დიბა 1938 წლის 14 ოქტომბერს დაიბადა. ფარაჰი მდიდარი ოჯახიდან იყო, თუმცა მამის სიკვდილის გამო ოჯახი იძულებული გახდა, თეირანში ფეშენებელური ვილა დაეტოვებინა და ნათესავებთან გადასულიყო საცხოვრებლად.
.

მომავალმა დედოფალმა განათლება თეირანსა და პარიზში მიიღო. სკოლის პერიოდში სპორტით იყო გატაცებული და საკალათბურთო გუნდის კაპიტანი გახლდათ. ლიცეუმის დამთავრების შემდეგ არქიტექტურით დაკავდა და პარიზში École Spéciale d’Architecture-ში დაიწყო სწავლა. სწორედ პარიზში, 1959 წელს, ირანის საელჩოს მიღებაზე წარუდგინეს იგი შაჰს, მოჰამედ რეზა ფეჰლევის, როგორც ერთ-ერთი ირანელი სტუდენტი, რომელიც პარიზში სწავლობდა. თეირანში ისინი უკვე ერთად დაბრუნდნენ და 1959 წლის 1 დეკემბერს წყვილმა ქორწილის თაობაზე განცხადება გააკეთა. მას შემდეგ ფარაჰი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი ხდება.
.

შაჰისთვის ეს მესამე ქორწინება გახდა. მისი პირველი მეუღლე ეგვიპტის პრინცესა ფავზია იყო, მეორე – სორაია ისფანდიარი-ბაჰტიარი – ნახევრად გერმანული წარმოშობის, თავისი დროის ერთ-ერთი ცნობილი ქალი.
.

1967 წელს ფარაჰი დედოფლად (შაჰბანუ) აკურთხეს. მაშინ აღმოსავლეთში ქალებს ასეთ უფლებას არ აძლევდნენ და ეს ნონსენსი გახლდათ.
.


თავიდან, ფარაჰი სახელმწოფო საქმეებისადმი ინტერესს არ ავლენდა, მაგრამ მისი აქტიურობა 1970-იან წლებში დაიწყო. შაჰი და შაჰბანუ ცდილობდნენ ირანის მოდერნიზირებას. ფარაჰი ირანის მოდის ფუძემდებელი გახდა, ირანელებმა უცხო ენების სწავლა დაიწყეს, გოგონები საბალეტო სკოლაში დაჰყავდათ, პოპულარული გახდა დასავლეთში სწავლა.
.

.


.

დედოფალი ირანის პროვინციებს ხშირად სტუმრობდა და ხალხთან ურთიერთობდა, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულების მდგომარეობას აუმჯობესებდა. თუმცა ყველაზე დიდ წარმატებას კულტური სფეროში მიაღწია.
.

მისი ძალისხმევით, ირანში ყველა ისტორიული ფასეულობა და შაჰების რელიკვია იქნა დაბრუნებული, ასევე ფარაჰმა აზიის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი მუზეუმი შექმნა. ფარაჰი ქალთა უფლებებს აქტიურად იცავდა. მისი მოღვაწეობის გამო დედოფალი ხალხში დიდი სიყვარულით სარგებლობდა. დასავლეთშიც არაკალებ პოპულარული იყო, მეტიც, შაჰი და შაჰბანუ აღმოსავლეთის ულამაზეს წყვილად ითვლებოდა.
.

.

.

1979 წლის 4 იანვარს მოჰამედ რეზა ოჯახთან ერთად იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. რევოლუციის შედეგად შაჰი ტახტიდან ჩამოაგდეს. ”იმ დღის ყველაზე ძლიერი და მწარე მოგონება ჩემი ქმრის ცრემლებია თეირანის აეროპორტში, როდესაც ქვეყანას ვტოვებდით. მახსოვს, როგორ დაეცა მუხლებზე ერთ-ერთი ოფიცერი და ემუდარებოდა მას, დარჩენილიყო. ეს ჩემი ცხოვრების უმძიმესი მომენტი იყო”. – ფარაჰ ფეჰლევი.
.

.

თავდაპირველად, მოჰამედ რეზა ეგვიპტეში გაემართა, შემდეგ მაროკოში, ბაჰამებსა და მექსიკაში ცხოვრობდა დევნილობაში. ირანის ისლამური მმართველობა მის ექსტრადირებას ითხოვდა. დროთა განმავლობაში ყოფილი მონარქის ჯანმრთელობის დგომარეობა გაუარესდა, მას ლიმფომა აღმოაჩნდა. მოჰამედ რეზა 1980 წლის 27 ივლისს კაიროში გარდაიცვალა. დასაფლავებულია კაიროს მეჩეთში არ-რიფაი.
.

.

მეუღლის სიკვდილის შემდეგ ეგვიპტის პრეზიდენტმა სადათიმ შაჰის ოჯახს სასახლე გამოუყო. თუმცა, სადათის მკვლელობის შემდეგ ფარაჰმა ეგვიპტე დატოვა და ამერიკაში რეიგანის მიწვევით გაემგზავრა. 2001 წელს ფარაჰს კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს, მისი ქალიშვილი, პრინცესა ლეილა ტრაგიულად დაიღუპა. სიკვდილის მიზეზი დღემდე უცნობია. 2011 წელს კი უმცროსმა ვაჟმა ალი რეზამ თავი მოიკლა.
.

ამჟამად ირანის უკანასკნელი შაჰის ქვრივი, დედოფალი ფარაჰ ფეჰლევი ხან პარიზში, ხანაც კი ვაშინგტონში, უფროს ვაჟთან რეზა კირთან ცხოვრობს. ირანელი ემიგრანტების ნაწილი ვაჟს ”შაჰს” უწოდებს, მამის სიკვდილის შემდეგ ის ფეჰლევის სახლის მეთაური და ირანის აწ უკვე არარსებული სამეფოს მემკვიდრე გახლავთ. დედოფალი მხარს უჭერს შვილს პოლიტიკურ მოღვაწეობაში, თუმცა ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს და ინტერვიუზე ხშირად არ თანხმდება.
.

.

ფარაჰი კვლავ გატაცებულია ხელოვნებით, ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, სპარსულ და აზერბაიჯანულ ენებს, მას დღემდე მიმართავენ როგორც ”მის აღმატებულებას”. იგი ირანის პირველი და უკანასკნელი დედოფალი და თავისი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ქალი გახლავთ. 2003 წელს ფარაჰმა წიგნი An Enduring Love: My Life with the Shah გამოსცა, რომელიც უმალვე ბესტსელერი გახდა.
.

ყველა უბედურების მიუხედავად, მისი აღმატებულება სულის სიმტკიცეს და უკეთესი მომავლის იმედს ინარჩუნებს და სოლიდურ ასაკშიც კი არაჩვეულებრივად გამოიყურება.

.

.

.
.

.

კატეგორია: მოზაიკა
მკითხველის კომენტარი
  1. ფიქრია says:

    როგორ მომეწონა ეს ქალი. დიდი მადლობა სტატიის ავტორს.

დამიტოვეთ კომენტარი